სახალხო დამცველის ანგარიშში ნინო გვენეტაძის განცხადებაა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია - ნაზი ჯანეზაშვილი

12:31 05-07-2018
110

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში შეტანილია ნინო გვენეტაძის განცხადება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.

ამის შესახებ ჯანეზაშვილმა განცხადება სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და ეს ანგარიში მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს. ერთი ეხება ინსტიტუცურ პრობლემებს იუსტიციის საბჭოში, აქედან მნიშვნელოვანია, რა ფორმატით მიმდინარეობს სხდომები. აქ აღნიშნულია ის ფაქტი, როდესაც ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, ასევე მნიშვნელოვანია ანგარიშის მეორე კომპონენტი, რადგან საუბარია, რომ სასამართლოს პრაქტიკა რიგ შემთხვევაში იწვევდა კრიტიკას. საუბარია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე გახმაურებულ საქმეებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, შეჯიბრებითობის კუთხით. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მხარეთა ინტერესები. ასევე საუბარია განაჩენების დასაბუთებულობაზე და განაჩენების გაჭიანურებაზე, რომელიც უკვე არაერთ ანგარიშში მოხვდა და საზოგადოება ღიად საუბრობს ამ პრობლემაზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საბჭოს მოსამართლე წევრები ითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ავტორთან ერთად მომხდარიყო, თუმცა ნინო ლომჯარიამ სხდომაზე მისვლა ვერ მოახერხა, რადგან პარალელურად აღნიშნული დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჰქონდა დაგეგმილი.