„დღეს ანი გიუნტერთან ვიყავი დილის ეთერში, ლამაზი რომ იყო, კი ვიცოდი, მარა რომ დავინახე რეალობაში, ყბა ჩამომივარდა ძირს“, – ეს სიტყვები გოგი წულაიას ეკუთვნის. ყოფილმა დეპუტატმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გადაცემა „პროფილში“ ღიად ისაუბრა ქალებზე. ფავორიტ ჟურნალისტებად კი ეკა ხოფერია და ანი გიუნტერი დაასახელა.
ჩვენ ანი გიუნტერს დავუკავშირდით:
– ანი, „პროფილს“ ვუყურე... ეს თქვენი გოგისთან პირველი შეხვედრა იყო? პირველად ვნახე ტელეწამყვანით ასეთი მოხიბლული მამრი... გვიამბე, რა ხდებოდა კულისებში, ის, რაც ეთერში არ ჩანდა.
– კაცი, რომელიც ბედნიერია ქალთან შეხვედრითაც კი, ის უკვე კაცია! რაც ეთერში ვერ მოხვდა, ლოგიკური დასასრულია ქართული სუფრისა და ტრადიციების, რომელზეც იმ ხუთშაბათს ეთერში ვსაუბრობდით, ცნობილ თამადებთან ერთად. ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციების დაცვით არ დაშლილა საზოგადოება, მე კი მასპინძლის როლი შევითავსე გადაცემა „შუა დღის“ ეთერში გასვლამდე. იყო ბევრი სიმღერა, ხუმრობა და სადღეგრძელოც კი. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ბატონი გოგისგან არ იფრქვეოდა ქათინაურები, თუმცა მას, ასევე, დიდ პატივს ვცემ და მადლობელი ვარ ასეთი შეფასებისთვის, პირველ რიგში, როგორც ქალი, და რა თქმა უნდა, როგორც წამყვანი და გადაცემის მასპინძელი.
– ალბათ, ხშირად მოგიხიბლავთ რესპონდენტი, ამის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ პირდაპირ ეთერში...
– კონკრეტულად ვერ გავიხსენებ, თუმცა ყურადღება ზომიერების ფარგლებში ყოველთვის სასიამოვნოა. გუნდიც ერთმანეთს ვეუბნებით ქათინაურებს და ვაკეთებთ შეფასებებს... ისე, ჩემს თავზე რომ არ ვილაპარაკო, ზოგადად ვიტყვი, რომ ქალი, რომელიც მამაკაცის ყურადღებაში იკარგება და კომპლიმენტებში იბნევა, ყველაზე მომხიბვლელია ასეთ მომენტში.
– დაბნეულხართ ქათინაურის დროს პირდაპირ ეთერში?
– კი, რა თქმა უნდა, და მხოლოდ იმიტომ, რომ არაკორექტულია წამყვანის გარეგნობაზე და არა შეკითხვაზე პასუხი. დაბნევა უფრო არ იყო, პირიქით, მკაცრი ვხდები, ფორმატიდან გამომდინარე, არადა როგორ არ უხდება ქალს სიმკაცრე ამ დროს... ამიტომაც აქვს ყველაფერს თავისი დრო.
– ვისარგებლებ შემთხვევით და ამ დროზე გკითხავთ, დროული ქათინაურების ადრესატი თუა დღეს თქვენს ცხოვრებაში და რამდენად ხშირად განებივრებთ კომპლიმენტებით?
– ამასაც თავისი დრო აქვს და თავისი ხიბლი. ჩუმად თქმის და არა საჯაროდ... ერთს გეტყვით, მიმაჩნია, რომ კაცი უნდა გაანებივრო ზრუნვით და ყურადღებით... და თუ მისთვის სტიმულის მომცემია, კომპლიმენტიც არ მოაკლო...