ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ მარშის ახალგაზრდა ლიდერების დაკავება კლუბ ბასიანის გავლენიანი მფარველების ინტერესებშია.
ამის შესახებ ბრეგაძემ პრაიმტაიმს განუცხადა და აღნიშნა, რომ დაკავებიდან რამდენიმე დღეში უნდა გაემართათ ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც წარმოადგენდნენ ფაქტებს, თუ როგორ იყიდება კლუბში ნარკოტიკი და ვინ მფარველობს ამ ბიზნესს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართული მარშის ახალგაზრდა ლიდერები ნარკოკლუბ ბასიანის და მისი გავლენიანი მფარველების დაპატიმრებულია. ბიჭების დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში სწორედ ამ ახალგაზრდებს უნდ გაემართათ დიდი აქცია ბასიანთან, უნდა მოეთხოვათ ამ კლუბის დახურვა, დაედოთ ფაქტები, თუ როგორ იყიდება ნარკოტიკები და გაესაჯაროვებინათ მფარველები. აქცია იქნებოდა მრავალდღიანი. დღეს არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მოაწყვეს პროვოკაცია და დააპტიმრეს ბიჭები. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ რათა გაგვერკვია, თუ ვინ დგას ბასიანის უკან, მოვიპოვეთ უნიკალური ინფორმაციები და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს კლუბ ბასიანთან, ამავე დროს იკვეთება მერაბიშვილის ცოლის, ნაცების ინტერესები და ზიგიერთი მოქმედი გავლენიანი პირის ინტერესებიც. ესაა სიმართლე. მივმართავ ხელისუფლებას - დახურეთ ბასიანი და სასწრაფოდ გამოუშვით ნარკობარონების მიერ დაჭერილი უდანაშაულო პატიმრები!!!!, - აცხადებს ბრეგაძე.
მოსამართლემ პროცესზე, რომელიც 4 მაისს გაიმართა, ქართული მარშის წევრები პატიმრობაში დატოვა. ე.წ. ქართული მარშის წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.