"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე პრობლემაა, მათ შორის ის, რომ სახელმწიფო ვერ იცავს ახალგაზრდებს საშიში ნივთიერების შემოდინებისგან.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეს საგანგაშო ვითარებაა შექმნილი.
"რაც ქვეყანაშია შექმნილი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, ორ პრობლემასთან გვაქვს საქმე - ერთი არის უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი, მათ შორის ახალგაზრდებს შორის, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გაზრდის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი ახალგაზრდები ერთი მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვის საშიში ნივთიერების შემოდინებისგან ქვეყანაში და მეორე მხრივ, დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არ არის ადეკვატური იმისათვის, რომ მომხმარებელმა დაანებოს თავი ნარკოტიკს და ადეკვატურად დასაჯო გამსაღებლები. ჩვენ დღეს ვდგავართ გამოწვევის წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალ თაობას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.