ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მტკიცებით, სასამართლოზე დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით პირდაპირ იკვეთება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ პროცესის მიმდინარეობისას განუცხადა და აღნიშნა, რომ ლუკა კალანდიამ, რომელიც ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი მათთან სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც შემთხვევა რამდენიმე საათის მომხდარი იყო და მისი ძმა, ერთ-ერთ ბრალდებულთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
"ლუკა კალანდიას დაზეპირებული ჰქონდა ის ჩვენება, რომელიც მას უნდა მიეცა. ის მოამზადა ან პროკურატურამ, ან სუბელიანმა, ან ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებმა. ძირითადი რაც გამოკვეთა მან, რაც მანამდე მამამისმა და მისმა ძმამ უარყვეს, არის მირზა სუბელიანის მათ სახლში ყოფნაა. ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი იყო მათთან სახლში 1 დეკემბერს, მაშინ, როცა მისი ძმა და ერთ-ერთი ბრალდებული სახლში იმყოფებოდნენ. ანუ მირზა სუბელიანმა იცოდა სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში. ლუკა კალანდიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, მისი ძმის ჩვენების იდენტური იყო. ისაუბრა იმაზე, რაც მისმა ძმამ და ბრალდებულმა მოუყვნენ. ის ცდილობდა თავისი ოჯახის და ძმის დაცვას, რომ არ გამოაშკარავებულიყო სხვადასხვა დეტალები", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, მოწმემ მამამისზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება უარყო და აღნიშნა, რომ მისმა ძმამ ეს ყველაფერი მეგობრების დასაცავად მოიგონა.