როდესაც ადამიანი თავის ცოლის ძმას შეიწყალებს, ეს არის მორალურ ზღვარს გადაცდენილი ქმედება - ირაკლი კობახიძე

22:32 05-08-2018
154

კორუფცია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

ირაკლი კობახიძე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა დაამკვიდრა არასწორი პრაქტიკა, რომელიც უნდა შიეცვალოს.

მისი თქმით, "ასმაგია სხვაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის".

„ასმაგი სხვაობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცაშია საქმე, რაღაც ცუდშია საქმე და ზუსტად ამას ეხებოდა ჩემი ბრალდება, რომელიც შემიძლია, გავიმეორო. ეს არის პოლიტიკური ბრალდება, რაც გულისხმობს იმას, რომ, როდესაც ასმაგი სხვაობა გვაქვს, ჩვენ სახეზე ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით. ეს უნდა ნიშნავდეს სამიდან ერთ-ერთს, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მეორე ეს არის კორუფცია და მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე არავინ არ აპირებს სისხლის სამართლის საქმის აღძრას და ამ საკითხზე საუბარი არის თემით სპეკულირება.

„როდესაც ადამიანი თავის ცოლის ძმას შეიწყალებს, ეს არის მორალურ ზღვარს გადაცდენილი  ქმედება. ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.