ბერა ივანიშვილის ახალი ქართული სიმღერა - ვიდეო

10:42 05-09-2018
1330

ბერა ივანიშვილი ქართული სიმღერას მსმენელს სამწლიანი პაუზის შემდეგ სთავაზობს. სიმღერა ეხება თანამდებობის პირებს, ეკლესიაში არსებულ ვითარებას, საზოგადოების პროტესტს და სხვა აქტუალურ თემებს. სიმღერას სახელწოდებით „ჩემო ძმაო“ ბერა რეპერ sf-x- ზაზა ნოზაძესთან ერთად ასრულებს. აღნიშნული სიმღერა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა სტატუსით „3 წლის დაგროვებული სათქმელი...“

სიმღერის ტექსტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ბერა ივანიშვილის დამოკიდებულებას გადმოსცემს, მათ შორის, კრიტიკულია თანამდებობის პირების და ეკლესიაში არსებულ ვითარების მიმართ. ის მსმენელს ასევე ე.წ. ჩადების თემას ახსენებს და ამბობს, რომ ნარკოტიკების ჩადების გაპროტესტება „ბირჟა მაფიას“ საქმის დროს აღმოჩნდა აქტუალური, თუმცა, როცა ქვეყანას მაფია მართავდა, მაშინ ხალხს ეშინოდა და ამ სახის ძალადობას არავინ აპროტესტებდა.

რეპერი სისტემასთან დაპირისპირებასაც იხსენებს და ამბობს, რომ  პროტესტის გამოხატვა ახლა უფრო ადვილია. სიმღერის მიხედვით, როცა ქვეყანაში თანამოქალაქეებს აწამებდნენ, მაშინ ამის გაპროტესტების ბევრს ეშინოდა, არც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, თუმცა ისიც წარმოუდგენელია,რომ საზოგადოებას იმის ჯეროდა, რასაც იმდროინდელი მედია გადმოსცემდა.

მომღერალი სიმღერაში მიანიშნებს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობაზე გამდიდრებას ცდილობენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ისტორია გამოგონილ გმირებს არ ცნობს. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ასეთი თანამდებობის პირები ხალხზე ზრუნვას ვერ შეძლებენ, რადგან ისინი თავიანთ შვილებზეც კი არ ფიქრობენ.

ბერა სიმღერაში ასევე მიმართავს იმ ხალხს, ვინც წლების განმავლობაში, შიშის გამო პროტესტს ვერ გამოხატავდა, ახლა კი სიტყვის თავისუფლებაზე და და უსამართლობაზე ხმამაღლა საუბრობს.

სიმღერის ტექსტში ასევე ბერა ივანიშვილი ეკლესიაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ღმერთს სხვაგან არ ეძებს, რადგან სასულიერო პირების ნდობა ძნელია. სიმღერის მიხედვით, ბერამ არ იცის რას იკადრებენ ის ადამიანები, ვისაც მრევლი აღსარებას აბარებს და საკუთარ საიდუმლოს ანდობს. რეპერი სიმღერაში მშობლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათზე ლოცულობს და მის ნდობას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები იმსახურებენ.

სიმღერის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ სანდო ადამიანების მხარდაჭერა კარგის კეთების და შენების პროცესის დროს იგრძნობა.

სიმღერის ბოლო ნაწილის მიხედვით, ბერა ამბობს, რომ სამშობლოს ერთიანი გუნდით დაუბრუნდა და თუ ვინმეს ქვეყნის გადარჩენა სურს, ამისთვის წყენა უნდა დაივიწყონ და საერთო მტერს ერთად უნდა დაუპირისპირდნენ.