"გაგიგიათ 70 წლის კაცი ამდენი ხანი შიმშილობდეს?!..." - ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე მეათე დღეა შიმშილობს

12:50 05-09-2018
1730

თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი და ბიზნესმენი, გოჩა მაჩაიძე უკვე მეათე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამართლის აღდგენაში დახმარებას ითხოვს.

როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა "პრაიმტაიმს" უთხრა, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმამდე მისვლა სასამართლო პროცესის გაჭიანურებამ აიძულა, რომელიც უკვე 3 წელია გღძელდება.

საქმე იმაშია, რომ მაჩაიძემ 2011 წელს, საბურთალოზე, მიროტაძის ქუჩის #13-ში მრავალსართულიანი კორპუსის აშენება დაიწყო. პირადი სახსრების უქონლობის გამო დახმარება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალს" სთხოვა, რომლის დირექტორი ჯეიმზ ჯონსი მალე  დეპუტატმა ილია წულაიამ შეცვალა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, ისეთ პირობებს დათანხმებოდა, რაც მისთვის ძნელად მისაღები იყო და იძულებული იყო თანხა სხვა კომპანიისგან ესესხებინა - იპოთეკარ შაჰრამ შამილ რაჯაბთან კაბა­ლური ხელშეკრულება გააფორა - იპოთეკარმა­ საფინანსოს 810.000 დოლარი გადაუხადა, თუმცა, დოკუმენტში 930 000 დოლარი ჩაწერეს, რომელიც ახლა ამ თანხის სანაცვლოდ 3 მილიონს ითხოვს. 

მაჩაიძე სასამართლომ დაზარალებულად ცნო, თუმცა, იპოთეკარი შაჰრამ შამილ რაჯაბი, 3 მილიონის გადახდას მისგან ისევ ითხოვს. სასამართლო პროცესზე კი, რომელიც დღემდე გრძელდება, მაჩაიძის თქმით, წულაიას სათანადო დოკუმენტაცია არ მიაქვს.

"არც ბინების გაყიდვის საშუალებას მაძლევენ. ყველაფერს ცდილობენ, რომ კორპუსი წამართვან. შიმშილით მკლავენ. ყველანაირად შემბოჭეს. ახლა პენსიონერი ვარ, 3 წლის წინ პენსიაც არ მქონდა. შევხვდი მურუსიძეს. დახმარება ვთხოვე, რომ სასამართლო პროცესი დაჩქარებულიყო. 7 სხდომა ძალიან მცირე ინტერვალებით დაინიშნა, მაგრამ ამ 7-იდან 6 გადაიდო. 3 შვილი მყავდა. 2 გარდამეცვალა. 1 ბიჭი დამრჩა. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეუქმნან პრობლემები. მაგრამ ჩემს სიმართლეს ვიტყვი", - აცხადებს გოჩა მაჩაიძე. 

როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა "პრაიმტაიმს" უთხრა, დღეს, 16:00 საათზე რამდენიმე დეპუტატს ხვდება, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.

"შევხვდები და გეტყვით მერე რამე პოზიტიური შედეგი თუ ექნება ამ შეხვედრას", - გვითხრა გოჩა მაჩაიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე