"ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა ... ახლა აუზზე დავდივარ..." - გუგული მაღრაძე

16:42 05-09-2018
3097

"ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ჭარბწონიანობას თავადაც ებრძვის.

როგორც დეპუტატმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეზარება, აუზზე მაინც დადის. 

"ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას. 

მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვჭამდი. დედაჩემი მართმევდა, ჭამის დროს წიგნის კითხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი, რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე. 

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს - მეზარება", - აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა დიეტაზე, დეპუტატი აცხადებს, რომ დიეტას დიდი ნებისყოფა უნდა. 

"10-15 კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესად ვივლიდი. მაგრამ დიეტას იმხელა ნებისყოფა უნდა... ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ერთადერთი ვცდილობ საღამოს გვიან არ ვჭამო. ნამცხვრები არ მიყვარს. მაგრამ ჩაის და ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვამ. ან ჯემი ან თაფლი უნდა მივაყოლო, ან შაქარი. ვცდილობ ყავისფერი შაქარი გამოვიყენო, რადგან ამბობენ, რომ უკეთესია", - აცხადებს გუგული მაღრაძე.