ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში ბრალდებულების: გიორგი გოგებაშვილისა და ნინო გეგელაშვილის საქმის დეტალებზე იბერიას ეთერში გასულ გადაცემაში თავისუფალი სივრცე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ნინო გეგეგლაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ, ხოლო გიორგი გოგებაშვილმა კი, საქმესთან კავშირი უარყო.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდება, რომელიც წარედგინათ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს, რომ ერთად შეიძინეს ნარკოტიკული ნივთიერება და მის რეალიზაციას ახდენდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ბრალდებული გეგელაშვილი, ინტერნეტის საშუალებით, არა რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალებების, არამედ, მხოლოდ ბიოს რეალიზაციას ახდენდა. ქმედებას კი, ერთპიროვნულად და არა ვინმესთან შეთანხმებით ახორციელებდა.
ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ, გადაცემაში თავისუფალი სივრცე, განმარტა რას და რის საფუძველზე მოითხოვს სასამართლო პროცესზე:
მტკიცებულება იმის, რომ გოგებაშვილი ნინოსთან ერთად ფუთავდა, აფასოებდა ამ ნარკოტიკულ საშუალებებს, მე სისხლის სამართლის საქმეში ამის დამადასტურებელი რაიმე ვერ ვნახე. გოგებაშვილთან მიმართებაში მოვითხოვთ, რომ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე იყოს გათავისუფლებული დარბაზიდან, რადგან მისი დაკავების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. ხოლო, რაც შეეხება ნინო გეგელაშვილს, მოვითხოვთ, რომ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო იქნეს გამოყენებული, ესეც მისი 5 წლის შვილის ინტერესებიდან გამომდინარე. რეალურად, ნინო მეუღლესთან არის გაშორებული, დედა საზღვარგარეთ ჰყავს, მამაც არ ჰყავს და ბავშვი რჩება ქუჩაში - განაცხადა ადვოკატმა.
ფხალაძემ ასევე განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გოგებაშვილი წარსულში პოლიციელი იყო, ან ნასამართლევი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 23 წლის გიორგი გოგებაშილი და მისი მეგობარი გოგონა - ნინო გეგელაშვილი, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ბინა კი, რომელიც მათ ჰქონდათ ნაქირავები, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების საცავი იყო. სამართალდამცავების ცნობით სწორედ ამ ბინიდან ნაწილდებოდა საქართველოს მასშტაბით ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი.