პროკურორ ირინა ჩოჩიას განმარტებით, ნარკორეალიზაციაში ბრალდებულების მიმართ გამოძიებამ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და რეალიზაციას ერთად ახორციელებდნენ.
პროკურორის თქმით, მტკიცებულებებს შორის ფარული ჩანაწერებიც არსებობს. მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტ ტოტალიზატორების ანგარიშები, რომლებზეც პირები თანხებს რიცხავდნენ, ხოლო საბანკო ანგარიში და პლასტიკური ბარათი, რომელზეც თანხის ჩარიცხვა და განაღდება ხდებოდა, გიორგი გოგებაშვილს ეკუთვნოდა.
მოპოვებული იქნა არაერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ როგორც ნინო გეგელაშვილი ასევე გიორგი გოგებაშვილი ჯგუფურად, ერთმანეთთან შეთანხმებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვას და შემდგომში გასაღებას. მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტ ტოტალიზატორების ანგარიშები, რომლებზეც პირები თანხებს რიცხავდნენ, რათა მიეღოთ ნარკოტიკული საშუალებები. ამ ტოტალიზატორებით სარგებლობდნენ როგორც ნინო გეგელაშვილი, ასევე გიორგი გოგებაშვილი. ასევე საბანკო ანგარიშები, რომელზეც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა და შემდეგ განაღდება რეგისტრირებულია გიორგი გოგებაშვილზე. ასევე, მოპოვებულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ბრალდებულთა გადაადგილების ვიდეოჩანაწრები, რომლებიც ადასტურებს, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორმა ასევე დაასახელა, რამდენი და რა სახის ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული ჩხრეკისას:
პირველი საკონტროლო შესყიდვისას შეძენილია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, მეორე შესყიდვისას მოხდა ბუპრენორფინის შემცველი აბისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა. ბრალდებულების დაკავებისას, კი ნინო გეგელაშვილის პირადი ჩხრეკისას და მანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ ამოიღო ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, 20 პაკეტად დაფასოებული და ასევე 20 სხვადასხვა მისამართიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები - განმარტავს ჩოჩია.
ასევე გამოძიება აქტიურად მუშაობს, რომ დადგინდეს, სად ხდებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა.
ბრალდების მხარე, ორივე ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, გიორგი გოგებაშვილი ბრალს არ აღიარებს და მოითხოვენ, რომ ბრალდებული დარბაზიდანვე გაათავისუფლონ. ხოლო, რაც შეეხება ნინო გეგელაშვილს, ადვოკატის თქმით, იგი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ამიტომ, ადვოკატი სასამართლოს სთხოვს, რომ მას, იმის გამო, რომ მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდოს.
სამართალდამცავებმა 23 წლის გიორგი გოგებაშილი და მისი მეგობარი გოგონა - ნინო გეგელაშვილი, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ დაფასოებული ნარკოტიკულისაშუალებების რეალიზაციას. ბინა კი, რომელიც მათ ჰქონდათ ნაქირავები, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების საცავი იყო. სამართალდამცავების ცნობით სწორედ ამ ბინიდან ნაწილდებოდა საქართველოს მასშტაბით ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი.