"ეს არის დაგეგმილი და მართული პროცესი..." - დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება

13:07 05-10-2018
140

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც არ ესწრებიან ის სპორტსმენები, რომლებმაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.

ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის პრობლემების შესახებ ყრილობის ფორმატში იმსჯელოს.

"ეს არ დაწყებულა დღეს, უბრალოდ აქ იყო საჭირო მიზეზი, რომელიც იპოვეს წარუმატებელ ევროპის ჩემპიონატში, თუმცა, პირველ რიგში, თავის თავს უნდა ჰკითხოს ბევრმა, რატომ ვერ გამოვიდა და ვერ იჭიდავა. დიდი ხანია, ამას საფუძველი ეყრებოდა, ოთხი წლის განმავლობაში თავს ვიკავებდი იმ ძალიან ბევრი უაზრო ქმედებებისგან, ყოფილი მთავარი მწვრთნელის იქნებოდა ეს, თუ ნაკრების წევრების, რომლებიც გამოდიოდნენ და ცილს მწამებდნენ, მაგრამ არასდროს გამისაჯაროებია ეს საუბრები. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ის დრო, როცა უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი, იმიტომ რომ მომავალმა თაობებმა ეს წრე აღარ გაიარონ", - განაცხადა ქევხიშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს პროცესები მართულია და დრო გამოაჩენს, ვინ დგას ყველაფრის უკან.

"ერთი და ორი ადამიანი ამას არ აკეთებს, ბუნებრივია, ეს არის დაგეგმილი და მართული პროცესი. დრო გვიჩვენებს, გამოაშკარავდება თითოეული მათგანი", - აღნიშნა ქევხიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.

რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტების ნაწილმა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციასთან აქცია გამართა. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. 

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ძიუდოისტებმა განაცხადეს, ისინი დაელოდებიან დღეს შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებენ.