პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ცვლილებები ერთი მხრივ გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით.
"რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.