რა მოხდა კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" - ყველაფერი ერთ პოსტში

10:46 05-12-2018
191

 

12 მაისს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.

ინფორმაცია სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით კლუბ ბასიანის დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კლუბ ბასიანის პარალელურად, სპეცრაზმი მობილიზებული იყო კაფე გალერეასთანაც.

თავდაპირველად, შსს-ში არ განმარტავდნენ, თუ რატომ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია ღამის კლუბებში. 

სპეცოპერაციის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკავებულები. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია პრაიმტაიმს არ დაუდასტურეს. 

შსს-მ პრაიმტაიმს 02:04 წუთზე  განუცხადეს, რომ კაფე გალერისა და კლუბ ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. იმ დროისთვის უწყებაში სხვა დეტალებზე კომენტარი არ კეთდებოდა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას სოლიდარობისკენ და ბასიანთან შეკრებისკენ მოუწოდეს. 

კლუბ BASSIANI-ის ტერიტორიაზე შესულია სპეცრაზმი!!! კლუბიდან გამოყარეს ყველა სტუმარი და დაკავებულია საკმაოდ ბევრი აქტივისტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე!!! პოლიცია შესულია კლუბში და მეორდება ის, რაც ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს!!! ვისაც გაქვთ პროტესტის გრძობა ამ უსამართლო მოვლენების მიმართ და გრძნობთ, რომ ღიად გამოგვიცხადეს ომი, მოდით ბასიანთან!, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

03:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ღამის კლუბებში 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

03:51 საათზე ბასიანთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირიც დააკავეს. როგორც პრაიმტაიმის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინებოდა, წიქარიშვილი აქციის ორგანიზებისთვის შსს– წარმომადგენელთან გასაუბრებას ითხოვდა, რა დროსაც ადგილზე დაპირისპირება მოხდა. მოხდა დამატებითი რაზმების მობილიზება.
 
03:57კაფე “გალერისთან” კიდევ ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ადგილზე შეკრებილი ადამიანებიდან ერთ- ერთი, სავარაუდოდ,  ადმინისტრაციული 
წესით დააკავეს.  დაკავებას წინ  მოქალაქეების პროტესტი და პოლიციასთან 
სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 


კაფე „გალერისთან“სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფება, რომელიც ვითარებას გაეცნო. 

04:21 სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 
ამ დროისთვის  სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის წესით8, ხოლო ადმინისტრაციული წესით 20- მდე ადამიანი დააკავეს. როგორც  ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქტიური კონტაქტი აქვს შსს- ს წარმომადგენლებთან, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს სპეცოპერაციის თაობაზე. 

სახალხო დამცველის თქმით, მისი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვალოკაციაზე, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

„ჩვენც გვაქვს ის ინფორმაცია, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჩემი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მე ვარ პირადად კონტაქტზე შსს-თან, ვარკვევ დაკავებულების ადგილმდებარეობას. ასევე მაინტერესებს დამატებითი
ინფორმაცია თვითონ სპეცოპერაციის ამ ფორმით განხორციელების საჭიროებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისი აპარატი ასევე ყველა განცხადებას შეისწავლის, რომელიც არასათანადო მოპყრობებს შეიძლება შეეხებოდეს.

„შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებთან მიმართებაში მოპყრობასთან დაკავშირებით ასევე ვაპირებთ შესწავლას. ჩვენ მზად ვართ თითოეული განცხადება თუ საჩივარი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით შევისწავლოთ და შემდეგ შევაფასოთ სპეცოპერაციის მიმდინარეობა, რამდენად ჯდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

04:26 აქციის მონაწილეები რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. მათ კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.ისინი შეიარაღებული არიან ხელკეტებითა და იარაღით, თუმცა უცნობია რა სახის იარაღი აქვთ მობილიზებული ცრემლსადენი,  ტყვიის თუ ცეცხლსასროლი. 
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზეც იმყოფებიან.

„ბასიანის“ ტერიტორიაზე იმყოფება არსამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორი მიხეილ ბენიძე, რომელიც სამართალდამცველებს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ამ ფორმით 
ნარკორეალიზებასთან ბრძოლა დაუშვებელია.

„საშიშია როდესაც ხდება კლუბური ცხოვრების და თავისუიფალი ცხოვრების დემონიზება, ეს მე პირადად საბჭოთა ცხოვრებას მაგონებს,“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

04:50 პარლამენტი გახდა მორიგი დაპირისპირების კიდევ ერთი ეპიცენტრი. იქ შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, სადაც რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს. პარლამენტთან აქციის დროს ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. 


აქციაზე სერგი გვარჯალაძე გამოჩნდა. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ ექცევიან პოლიციელები ადამიანებს ასე და რამ გამოიწვია ასეთი მოქმედებები მათი მხრიდან.

აქციაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე, რომელსაც აქციის მონაწილების მისგან ტერიტორიის დატოვებას ითხოვნდენ

05:50 პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც დააკავეს. დაკავებას წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უძღოდა.

 
ამინდის მცირედი გაუარესებისა და დაძაბულობის მიუხედავად, პარლამენტის წინ აქცია მაინც გაგრძელდა.  თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დღის სამ საათამდე დაშლა და სამოქმედო გეგმის შედგენა შესთავაზა. თუმცა, რამდენიმე პირი პარლამენტის წინ დარჩენის მომხრე იყო.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე საათში გაასაჯაროებენ.