შუა ქალაქში მოაწყვეს თავისუფალი ადამიანების რბევა - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ წუხელ, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შეფასებისას, დღეს ზუგდიდის პარტიულ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ხოშტარია აღნიშნულ მოვლენას, სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ ადამიანებზე ძალადობად აფასებს.
წუხელ რაც პირდაპირი ეთერით ვიხილეთ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა, თავდასხმა, შუა ქალაქში მოაწყვეს თავისუფალი ადამიანების რბევა, რომელსაც კავშირი არ ჰქონია არც ნარკორეალიზატორებთან და არც კრიმინალთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის დროს არბევდა თავისუფალ მოქალაქეებს. თუ სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ინფორმაცია, მით უმეტეს სამარცხვინო იყო მოცეკვავე ადამიანებთან შევარდნა. ქვეყანაში სერიოზულად დგას კრიმინალის პრობლემა, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულები არიან ნარკოდილერები, ღამის კლუბების წარმომადგენლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ასევე, რამდენიმე ღამის კლუბში ჩაიშალა დაგეგმილი ღონისძიებები.