პარლამენტის წინ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანზებულ აქციაზე კარვების გაშლას გეგმავენ - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.
"საღამოს 10 საათამდე პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება, ვის აკისრებს პასუხისმგებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გავშლით კარვებს. შესაძლოა, განახორციელონ აგრესიული ქმედებები და ჩვენ მზად ვართ" - ამბობს წიქარიშვილი.
აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც სამართალდამცავები პარასკევს ღამე რამდენიმე კლუბში ერთდროულად შევიდნენ და სპეცოპერაცია ჩაატარეს.
როგორც შსს-მ მოგვიანებით განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.