9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით ხელში მიდიან

15:14 05-13-2018
311

როგორც "პრაიმტაიმის" კორესპოდენტი იუწყება, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით ხელში მიდიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, ადგილზე იმ მიზნით იკრიბებიან, რომ დაიცვან სიწმინდე და ღირებულებები და რაც გუშინ მოხდა, აქციის სახით, არ უნდა მომხდარიყო. მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას არ აპირებენ, მხოლოდ საკუთარი ნების გამოსახატად მიდიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

გუშინ, პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის". აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

გვიან, ღამით, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დილით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მათი აღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კარვები აიღეს.

აქციის მონაწილეებმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ოფისში ახალი გეგმების დასალაგებლად გადაინაცვლეს. 

დაახლოებით, 15:00-დან აქცია პარლამენტის წინ კვლავ განახლდა.

პარალელურად, ქაშუეთთან დაგეგმილია კონტრაქცია.

 

ავტორი: