ქუთაისში, თეთრ ხიდზე, თბილისში მიმდინარე აქციის კონტრაქცია მიმდინარეობს.
"იმედის" ინფორმაციით, მოქალაქები რუსთაველზე გამართულ აქციას გმობენ და შსს-ს მხარდაჭერას უცხადებენ. ,,ნულოვანი ტოლერანტობა ნარკო ბარიგების და მკვლელების მიმართ“, ,,არა ნარკოტიკს“, "არა ნარკობარიგებს“- ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეები შს-ს მოუწოდებენ, კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით გააგრძელონ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
პარასკევს, გვიან ღამით, თბილისში, ღამით კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
გუშინ, პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის". აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
გვიან, ღამით, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დილით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მათი აღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კარვები აიღეს.
აქციის მონაწილეებმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ოფისში ახალი გეგმების დასალაგებლად გადაინაცვლეს.
დაახლოებით, 15:00-დან აქცია პარლამენტის წინ კვლავ განახლდა.
პარალელურად, ქაშუეთთან კონტრაქცია მიმდინარეობს.