კონტრაქციის ორგანიზატორი: ხელებს გულზე ვერ დავიკრიფავთ, ტრიბუნიდან მოდის მოწოდება: სამოქალაქო ომის, დაპირისპირების და რევოლუციის, ჩვენც აქეთ ძალა ვიქნებით (ფოტოები)

17:27 05-13-2018
161
თეგები: კონტრაქცია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აქცია ერთდროულად მიმდინარეობს.

თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად რუსთაველზე ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციით იკრიბებიან.

კონტრაქციის ორგანიზატორი გიორგი ჭელიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ დაპირისპირების შემთხვევაში, მისი თანამოაზრეები ბრძოლისთვისაც არიან მზად:

სამართალდამცავების თხოვნით წესრიგს ვიცავთ ჯერ-ჯერობით, მაგრამ ხელებს გულზე ვერ დავიკრიფავთ, ტრიბუნიდან მოდის მოწოდება: სამოქალაქო ომის, დაპირისპირების და რევოლუციის. ჩვენც აქეთ ძალა ვიქნებით. რამდენი ვიქნებით, როგორ ვიქნებით, ამას ყველა ნახავს. თუ ვინმეს უნდა სისხლი, სისხლს ჭარბად გამოვუშვებთ. ჯერ-ჯერობით დაველოდებით პოლიციას, შეგვპირდნენ, რომ ქაშუეთისკენ გადაწევის საშუალებას მოგვცემდნენ. ვაპირებთ, სანთლებიც დავანთოთ და თუნდაც ჩვენი ხმაც გავაგონოთ. დაშლაზე არ არის საქმე, იყვნენ რამდენი ხანიც უნდათ, მაგრამ უზნეობა არ უნდა იყოს - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: ბასიანი და გალერი სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

გუშინ, პროტესტის ნიშნად, თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: ჩვენი თავისუფლებისათვის. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

გვიან, ღამით, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დილით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მათი აღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კარვები აიღეს.

აქციის მონაწილეებმა თეთრი ხმაურის მოძრაობის ოფისში ახალი გეგმების დასალაგებლად გადაინაცვლეს. 

დაახლოებით, 15:00-დან აქცია პარლამენტის წინ კვლავ განახლდა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქართული მარშის კონტრაქციაც.



ავტორი: