აღიკვეთოს ის, რაც 9 აპრილის მემორიალთან ხდება - კონტრაქციის წევრები გეგმებზე ლონდონის ბაღში მუშაობენ

17:53 05-13-2018
164
თეგები: კონტრაქცია

მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლები ლონდონის ბაღში მსვლელობით მიდიან. მათი ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ჭელიძე, სამოქალაქო გვარდიის დაფუძნების ინიციატივით გამოდის, რადგან მისი თქმით, "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრები ტრიბუნებიდან სამოქალაქო დაპირისპირებით და რევოლუციით იმუქრებიან, ამიტომ, დაპირისპირების საშიშროება არსებობს.

სამართალდამცველებმა კონტრაქციაში მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ასვლის შესაძლებლობა არ მისცეს. შესაბამისად, აქციის მონაწილეებმა ლონდონის ბაღში გადაწყვიტეს გეგმების შემუშავება.

„კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს, კერძოდ, ის, რომ 9 აპრილის მემორიალთან აღიკვეთოს ის, რაც ახლა ხდება და შეწყდეს მოწოდებები სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ტრიბუნიდან მოდის მოწოდება: სამოქალაქო ომის, დაპირისპირების და რევოლუციის. ჩვენც აქეთ ძალა ვიქნებით“- აცხადებენ კონტრაქციის მონაწილეები.

მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პარასკევს ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

გუშინ, პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის". აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: პირველ რიგში აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

გვიან, ღამით, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დილით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მათი აღებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კარვები აიღეს.

აქციის მონაწილეებმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ოფისში ახალი გეგმების დასალაგებლად გადაინაცვლეს. 

დაახლოებით, 15:00-დან აქცია პარლამენტის წინ კვლავ განახლდა.

პარალელურ რეჟიმში მართავენ აქციას "ქართული მარშის" წევრებიც.

 

ავტორი: