ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი დღეს, 11:30 საათზე გაიმართება.
აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს. საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდეა. უფრო ზუსტად კი ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დაკავებულები არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე.