როგორ აკეთებენ ფულს ერთკაციანი პარტიები - „პრაიმტაიმს“ სკანდალურ სქემას უშიფრავენ

10:25 05-14-2018
425

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

მომავალი კვირიდან პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციები დაგეგმილია როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიებთან. თემა საკმაოდ ხმაურიანია და როგორც ჩანს, დიდ ვნებათაღელვასაც გამოიწვევს. 

კანონმდებლები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ ფორმულაზე იმუშავებენ. ეს ფორმულა კი შესაძლოა, პატარა და სუსტი პარტიებისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. 

ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ადრეც ისაუბრა. დაფინანსების ცვლილება ერთკაციან პარტიებს არჩევანის წინაშე დააყენებს – ან, ბოლოს და ბოლოს, აირჩევენ რომელიმე ერთ პარტიას, სადაც საკუთარი ხედვებისა და ღირებულებების რეალიზებას მოახდენენ, ან საერთოდაც ჩაის დალევენ და სახლში წავლენ.

დაფინანსების ახალი ფორმულის აუცილებლობა ბურჯანაძე-ჯოჯუას შორის დაპირისპირებამაც კარგად დაგვანახა. საერთოდ, ეს მაგალითი კლასიკად იქცა. გოჩა ჯოჯუამ ნინო ბურჯანაძეს პარტიის დასახელება მხოლოდ იმისთვის წაართვა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიეღო, სხვა მოტივაცია და ინტერესი მას არ ჰქონია. ამ ისტორიას ბევრი დეტალი აქვს და ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ სიმართლე მის მხარეს დგას, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ფული. 

გოჩა ჯოჯუამ, რომლის სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, პარტიის დასახელების – ქდმ-ს წართმევით ბიუჯეტიდან მიიღო დაფინანსება, ასევე წარმომადგენლები არჩევნებში და სარეკლამო დრო. 

რას ნიშნავს ეს ციფრებში.

ბურჯანაძეს ჰქონდა კოალიცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, სადაც შედიოდა მისი პარტია და გიორგი თარგამაძის ქდმ – პარტია სწორედ ბურჯანაძეს შეუერთდა თარგამაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მათ მოიპოვეს დაფინანსება. ადგილობრივ არჩევნებზე გადალახეს 3%-იანი ბარიერი, რაც ბიუჯეტს ამ ბლოკის დაფინანსების ვალდებულებას აკისრებდა. 

როგორც კი ბურჯანაძის ბლოკმა დაფინანსება მოიპოვა, გოჩა ჯოჯუამ ქდმ-სთვის ბრძოლა დაიწყო – სასამართლოს 2014 წელს მიმართა, თუმცა, პროცესი მხოლოდ შარშან მოიგო და ახლა ის ყოველთვიურად 30-მდე ათასს ლარს იღებს. პარალელურად 2016 წელს ის ახალი პარტიით („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“) „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბლოკს შეუერთდა. მის გარდა, „პატრიოტებმა“ სხვა ოთხი პატარა უცნობი პარტიაც შეიყვანა ბლოკში. ბლოკი პარლამენტში მოხვდა. აქედან ჯოჯუა, დაფინანსების სახით, 7 ათასამდე ლარს იღებს.

ახლა ის, როგორც პოლიტბიზნესმენი, ორ პარტიას ფლობს და ორივე კვალიფიციური სუბიექტია. ორივე პარტიას ეკუთვნის ბიუჯეტიდან დაფინანსება და რაც მთავარია, წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. 

ყველაზე საინტერესო კი სწორედ აქ იწყება:

 ახლახან ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები ჩატარდა. გოჩა ჯოჯუამ აქ ორივე პარტიიდან დააყენა კანდიდატურა. ხომ საინტერესოა? მოტივი – ფინანსები. საქმე ის გახლავთ, რომ კვალიფიციური სუბიექტი საარჩევნო უბნებზე თავის წარმომადგენლებს აყენებს. ბიუჯეტი ამასაც აფინანსებს. პარტია ამ სერვისში 370 ათასს ლარს იღებს. ეს ქვეყნის მასშტაბით.

შუალედურ არჩევნებში კი კვალიფიციურ პარტიას მოუწევდა 6 ათასი ლარის მიღება. ორივე პარტიიდან კანდიდატურის წარდგენით კი გოჩა ჯოჯუას, ჯამში, 12 ათასი უნდა მიეღო, თუმცა, რატომღაც ერთი კანდიდატურა მოხსნა და ცესკომ დაფინანსება მოუხსნა, მან მხოლოდ 6 ათასის „გაკეთება“ შეძლო.  

თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, თუკი ის ორივე პარტიიდან დააყენებს ისევ კანდიდატურას, ორჯერ 370 ათასს მიიღებს, ჯამში კი 700 ათასზე მეტს.   

370 ათასი ლარი, წესით, პარტიამ უნდა დახარჯოს 3 700 უბანზე საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნაში. ამისთვის მათ ამდენივე ადამიანი უნდა მოიძიონ, ვისაც ხელფასის სახით 100 ლარს გადაუხდიან. 

თუმცა, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, პატარა პარტიები წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას დიდ პარტიებზე ყიდიან. 

მოკლედ, პარტიებს სერიოზული კორუფციული სქემები აქვთ აწყობილი. უკანონო თითქოს არაფერია, თუმცა ბიუჯეტიდან თანხების მითვისება არაფერში ნამდვილად არც დემოკრატიულია და არც ევროპული. 

ასე რომ, ახლა დაფინანსების ფორმულა შეიცვლება და როგორც ჩანს, პირველ რიგში, ის ბლოკებს შეეხება. ბლოკებში შემავალი პარტიებიდან დაფინანსებას მიღებს მხოლოდ ის, რომელი პარტიის წარმომადგენელიც პირველ ნომრად ეწერება.

სხვა პარტიები – ვერა. ეს პატარა პარტიებს არ აწყობთ, მთავარ მოთამაშე პარტიებს – კი. ამიტომაც პატარები საპასუხოდ ითხოვენ, პარლამენტმა ბლოკების შესახებ კანონი ცალკე მიიღოს. ამ კანონით ისინი შეეცდებიან, ფინანსებზე საკუთარი უფლება დაიცვან. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ზეპირ შეთანხმებასაც მიაღწიონ დიდ პარტიებთან და შიდა შეთანხმებაც გააფორმონ, თუმცა, განსხვავება ის არის, რომ თუკი მათი შეთავაზება დაკანონდება, ცესკო ვალდებული იქნება, ბლოკში შემავალ პატარა პარტიებს მათი კუთვნილი თანხა პირდაპირ პარტიის ანგარიშებზე ჩაურიცხოს. სხვა შემთხვევაში მათ წილის მიღების გარანტიები არ აქვთ.  

ერთ-ერთი საკითხი, რომლის დარეგულირებასაც აყენებენ, ეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ფინანსების აღების წესებია. ახალმა ნორმამ შესაძლოა, მძიმე პირობებში ჩააყენოს პატარა პარტიები. ახლა ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე, სადაც უფრო დაბალი ბარიერია, იღებენ დაფინანსებას, შემდეგ ტოვებენ დიდ საპარლამენტო არჩევნებს და დაფინანსების აღებას მაინც აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, კანონმა ასეთი წყვეტა აკრძალოს. დაფინანსების მიღების მსურველ პარტიებს შესაძლოა, ყველა არჩევნებში მონაწილეობა დაევალოთ. და თუ ბარიერს ვერ გადალახავენ, მაშინ წინა არჩევნებით მიღებული დაფინანსებაც მოეხსნებათ.

მაგალითად, თუ რომელიმე პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და დაფინანსების აღებას დაიწყებს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებს გამოტოვებს, მას ადგილობრივში მიღებული დაფინანსება შეუწყდება. 

პირადად მე ცვლილებებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ფორმულაში ვემხრობი, და პარლამენტის თავმჯდომარესაც მხარს ვუჭერ და ამ ვითარებაში სრულიად გაუგებარია, რატომ მიიღო უმრავლესობამ ასეთი ცვლილებების ფონზე სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილება და კანონი ისე შეცვალა, რომ მრეწველებს ბიუჯეტიდან დაფინანსება მიეღოთ. ოპოზიციური პარტიები ამ კანონზე პრეზიდენტისგან სამართლიანად ითხოვდნენ ვეტოს დადებას. 

თუმცა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეში“ სამი დღის წინ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა. 

საუბარია დეპუტატების სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის ავტორობით ინიცირებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, როცა პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის. ასეთი შედეგის მქონე პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსებას და ასევე, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას. 

ეს ნორმა მხოლოდ და მხოლოდ მრეწველებს მიუსადაგეს. 

ოპოზიციამ ერთიანი განცხადებით მიმართა პრეზიდენტს, სადაც ეწერა: 

„საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების სულისკვეთება პოლიტიკური პარტიების განვითარებას კი არ ემსახურება,  არამედ პირდაპირ მორგებულია ერთადერთ პარტიაზე – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

მიღებული ცვლილება განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვდა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გადახედვას, იმ მოტივით, რომ რიგი კვალიფიციური სუბიექტების რეალური მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ სცილდებოდა 1%-ს. კანონში შეტანილი ცვლილებით კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად იზრდება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის საფრთხეები, რომელიც  აღნიშნული კანონით გაჩნდება 2020 წლისთვის და მანიპულირების საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ მხარეებს, კერძოდ, მომავალი არჩევნებისთვის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს უბიძგებს, გარიგებაში შევიდეს მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და ერთი მაჟორიტარი დეპუტატის პარლამენტში გაყვანით გახდეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, მოიპოვოს საბიუჯეტო დაფინანსება და მისი თანამდევი ბონუსები. ყოველივე ეს კი უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც პოლიტიკური კორუფცია ბიუჯეტის ხარჯზე.

ჩვენ მიერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, რაც ქვაკუთხედია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის, გთხოვთ გამოიყენოთ კონსტიტუციით თქვენდამი მონიჭებული უფლება და საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ შეტანილ ცვლილებებს დაადოთ ვეტო“.

ვეტო პრეზიდენტმა ამ ნორმას არ დაადო. 

რა პრინციპით იღებენ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% აიღეს. კვალიფიციური სუბიექტები დაფინანსებას ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე.

ყოველწლიური დაფინანსება სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომლის თანახმადაც, საბაზო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენს, ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღო, მაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600 000 ლარს იღებს ყოველწლიურად.

თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში  პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არაუმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ხარჯებს, ასევე მილიონი ლარით, თუმცა, ამ შემთხვევაში სუბიექტმა 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში ბარიერი 3%-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსება არაუმეტეს 500 000 ლარს.

პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, თუ  წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე 30%-ით), მაშინ ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას, საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ 90 000 ლარს.

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, ასევე იღებენ დამატებით თანხას (მაქსიმუმ 600 000 ლარი) წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დასაფარად.

გარდა პირდაპირი დაფინანსებისა, ეროვნულ მაუწყებლებს აქვთ ვალდებულება, ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წუთი უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა.