მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების ჰუმანურ მიდგომებს, უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვა - მიხეილ ჯანელიძე

11:41 05-14-2018
97

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესი განსაზღვრავს მოვლენათა შემდეგ განვითარებას.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტთან საპროტესტო აქციების და იქ შს მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"როგორც გუშინ აღინიშნა, არის მზაობა, რომ ამ საკითხზე გაიმართოს ფართომასშტაბიანი მსჯელობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. უნდა დაველოდოთ ამ მსჯელობის განხილვების შედეგებს. უნდა იქნას მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ. სწორედ საერთო პოზიციების შეჯერების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკა. სწორედ ეს არის სახელმწიფოს საფუძველი - აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება", - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება 12 მაისის ღამეს, მიხეილ ჯანელიძის თქმით, კონკრეტული შეფასებები რთული გასაკეთებელია, თუმცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ ის მზად არის განიხილოს ეს საკითხი. 

"მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების, ჩვენი პოლიციის მაღალ პროფესიონალიზმს. მათ ჰუმანურ მიდგომებს და შესაძლებლობებს, რომ უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვა და ამასთანავე, მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.