"არსებობდა საფრთხე, რომ რუსთაველზე დაპირისპირება მომხდარიყო..." - ბექა წიქარიშვილი აქციის დაშლის გადაწყვეტილებაზე

11:47 05-14-2018
123

შს მინისტრსა და რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორების დღევანდელ შეხვედრაზე მომავალი შეხვედრების ფორმატი შეთანხმდება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა. 

"სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს ის ჯგუფი, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია სამომავლოდ მათთან თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა წიქარიშვილმა.

რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მისი თქმით, აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ რუსთაველზე დაპირისპირება მომხდარიყო, რასაც ის არ დაუშვებდა.

გუშინ, შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. როგორც ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე