"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორია.
“ის, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ჩვენი ხედვა სრულად არის ასახული კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია შემოტანილია და ყველას მოვუწოდებ, რომ გაგრძელდეს განხილვის პროცესი. გუნდმა ერთი თვე აიღო, რათა პოზიციები მაქსიმალურად დავუახლოვოთ და შევაჯეროთ, რის შემდეგაც პროექტს მსვლელობა უნდა მიეცეს”, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.