საბა კემულარია: „მომავალმა ცოლმა, მინიმუმ, ოთხი შვილი უნდა გამიჩინოს“ - exclusive

12:57 05-14-2018
2050

„ბედნიერებაა, როცა ადამიანები თავის ძვირფას დროს შენ გითმობენ, გგულშემატკივრობენ და ზურგს გიმაგრებენ. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია. პროექტი სამი კვირის წინ დაიწყო და მალე დამთავრდება, შეიძლება გამოვეთიშო კიდეც რომელიმე ტურში და ის სიტყვები, ის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა მუდამ ჩემთან დარჩება“, – მითხრა ინტერვიუს დასაწყისში „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა საბა კემულარიამ. შეგახსენებთ, რომ საბა უკვე მესამე კვირაა, მაყურებლის რჩეულია. ვფიქრობ, მისდამი სიმპათიით განწყობილ მაყურებელს ყველაფერი აინტერესებს მის შესახებ. ამიტომაც სწორედ თქვენთვის „პრაიმტაიმი“ საბას „რუსთავი 2“-ში ესტუმრა.

– სამი წლიდან ვმღერი. ბაბუა და ბებია მუსკომედიაში მღეროდნენ. ბაბუამ მასწავლა და შემაყვარა სიმღერა. შემდეგ იყო სხვადასხვა საბავშვო სტუდია. დღეს ვმღერი ანსამბლ „შავნაბადაში“, ჯგუფ „ალილოში“ და მეათე წელია, ვგალობ ქაშუეთის ტაძარში. 

– „შავნაბადას“ მარგალიტიაო, ასე მითხრეს...

– (იღიმება) რაც შეეხება ამ ფოლკლორულ გუნდს, ჩვენ გვქონდა ბედნიერება 2017 წელს, თბილისის პოლიტიკურ სკოლასთან ერთად, რომლის კურსდამთავრებული მეც გახლავართ, ვყოფილიყავით დემოკრატიის ფორუმზე ევროსაბჭოში, სადაც 20-წუთიანი კონცერტი გავმართეთ. ბედნიერებაა, როცა გეძლევა საშუალება, შენი ქვეყნის კულტურა უმაღლეს მწვერვალზე წარადგინო ასეთ მნიშვნელოვან ადგილას. 

– „ალილოში“ დიდი ხანია მღერი?

– ერთი წელი შესრულდება მალე. ზოგადად, ეს ჯგუფი მანამდეც ძალიან მიყვარდა. ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ ოჯახის წევრი. რაც შეეხება ქაშუეთს, მამა ბიძინა გუნიას კურთხევით, როდესაც ის ქაშუეთის წინამძღვარი იყო, ანსამბლი „აღსავალი“ დადგა ამ ტაძარში და დიდ საქმეს აკეთებს დღემდე. ახლახან ვიყავით ინდოეთში, გოაზე, სადაც ქეთევან წამებულის სახელობის ფესტივალი ჩატარდა და სადაც ჩვენი ელჩის არჩილ ძულიაშვილის მეშვეობითა და მისი ძალიან დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ და ამ ფესტივალში მონაწილეობა მივიღეთ. სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, რას ვგრძნობდით მე და ჩემი მეგობრები, როცა ვიდექით და ვგალობდით იმ ადგილზე, სადაც საუკუნეების მანძილზე ქეთევან წამებული იყო დაკრძალული. ცრემლიც კი მოგვადგა რამდენიმეს თვალზე.

– საბა, სცენაზე დგომის გამოცდილება დიდი გაქვს, თუმცა სოლო კარიერა შენთვის სიახლეა. როგორ გარისკე ამ პროექტში მონაწილეობა?

– რისკი მართლაც იყო. როცა გაქვს იმის საშუალება, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე, მსოფლიოს დიდ სცენებზე შენი ქვეყნის კულტურა აჩვენო მაყურებელს, ამის შემდეგ დადგე და რაღაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რისკია. მიყვარს და მსიამოვნებს წინაღობების დაძლევა. თან მინდოდა, საშუალება მქონოდა, კიდევ უფრო მეტი მესაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და რაც იმ ანსამბლებს ეხება, რომელშიც ვმღერი და რომელსაც სათანადო ყურადღება არ ექცევა. 

– მეგობრებმა გირჩიეს, თუ...

– არა, არავინ არ იცოდა, ოჯახის წევრებმაც კი. კვინტეტი ვმღერით რესტორანში. ერთ-ერთი პირველი „ჯეოსტარის“ მონაწილე, ნიკა ფანჯავიძე გახლავთ და მან მითხრა ამ პროექტის შესახებ. წინა დღეს გავიგე და უცბად გადავწყვიტე.

– რესტორანი ვახსენეთ და აქვე გკითხავ, რას იტყვი რესტორნის მსმენელის კულტურაზე...

– ჩვენ სადაც ვმღერით, უფრო სალონური სიტუაციაა. არ მიმაჩნია ცუდ ტონად იქ მღერა. ჩვენთან ქართველებიც შემოდიან, მაგრამ ძირითადი მაყურებლები მაინც უცხოელი ტურისტები არიან, დიპლომატები. გვსიამოვნებს, ქართულ ქალაქურ სიმღერებს რომ ვაცნობთ უცხოელებს.

– არ უთქვამთ შენთვის, რომ შენი ხმა ბუბა კიკაბიძის ხმას აგონებთ?

– (იცინის) რამდენიმემ მითხრა, კი. სასიხარულოა ეს, ბატონი ბუბა დიდი არტისტია ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის. ასე რომ, კომპლიმენტია ეს ჩემთვის. ზოგადად, არ არის კარგი, როცა ვინმესთან გაიგივებენ. ინდივიდუალიზმი მთავარია მომღერლისთვის. მიმბაძველი არ უნდა იყო. 

– ოჯახზეც გვიამბე...

– თბილისში დავიბადე, მთელი ოჯახი თბილისში ვცხოვრობდით. 12-13 წლის ასაკში გადავედი ზუგდიდში, ბებიასთან და ბაბუასთან, მარტოობა რომ არ ეგრძნოთ, თბილი და ტკბილი სიბერე რომ ჰქონოდათ. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, თბილისში დავბრუნდი. დღეს ძმასთან ერთად ვცხოვრობ.

– ძმაც მღერის, როგორც ვიცი...

– კი, ჩემი ძმა ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობაში“ მღერის. ასევე, გალობს მამა დავითის ტაძარში. ახლა მამა დავითის გუნდი ათონის მთაზე ვატო ბედის მონასტერში იმყოფება, სადაც მეცნიერულ კვლევებს ატარებს და იქაურ ბერებს ქართულ გალობას აცნობენ. 

– მშობლები რა პროფესიისანი არიან?

– დედამ მოსკოვში დაამთავრა უნივერსიტეტი, ქიმიკოსია, თუმცა თავისი პროფესიით არ მუშაობს. სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში მუშაობს, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსის მოადგილედ. მამა დღეს უმუშევარია, თუმცა ორი უმაღლესი განათლება აქვს. როგორც ამბობენ, ორდიპლომიანია (იღიმება).

– საბა, თინეიჯერი გოგონების კერპი ხარ, ალბათ, დააინტერესებთ, ხარ თუ არა შეყვარებული...

– შეყვარებული ყოველთვის ვარ, თავად სიყვარული მიყვარს. სიყვარულით სავსე ადამიანს არაფერი ჯობია. თუმცა კონკრეტული და სერიოზული არაფერი ხდება.

– არც ყოფილხარ კონკრეტულ ადამიანზე შეყვარებული?

– არ ვიცი. ალბათ, კი ან, ალბათ, არა. გატაცებები მქონია.

– რა ფერია შენი სიყვარული?

– ღია ფერია, ნათელი. 

– შეყვარებული საბა როგორია?

– შეყვარებული კიდევ უფრო მეტად მომღიმარი, აღფრთოვანებული და ყველაზე კიდევ უფრო მეტად შეყვარებული.

– როგორი უნდა იყოს გოგონა, რომელიც შენი რჩეული გახდება?

– რთული კითხვაა. ჩემთვის მთავარია ოჯახი. ოჯახი ყველაზე დიდი ღირებულებაა, რადგან მხოლოდ მე არ ვარ, ჩემს უკან ჩემი მშობლები დგანან, ბებია-ბაბუები, მათი წინაპრები...

– ანუ ბებია-ბაბუასაც უნდა მოეწონოთ შენი რჩეული?

– არა, მაგას არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ჩემი არჩევანი მოეწონებათ, რადგან ასე აღმზარდეს. ვცდილობ, მაქსიმალურად ერთად ვიყოთ ყველანი. ვცდილობ, რაც მომდევს, ღირებულებები, ღირსებები, ასე გავაგრძელო, ღირსეულად. ამიტომ მინდა კარგი, ძლიერი ოჯახის შვილი იყოს, სოციალურად და არა მატერიალურად, მორალურად, პიროვნულად, ღირსებით.

– უნდა მღეროდეს?

– კარგი იქნება, ერთად ვუმღერებთ შვილებს იავნანას. ერთი სათხოვარი, რაც ჩემს მომავალ მეუღლესთან მექნება, როცა ხელს ვთხოვ, ის არის, რომ ბევრი შვილი მაჩუქოს, მინიმუმ ოთხი.

– ხასიათის თვისებებზეც შევჩერდეთ. არის რაიმე, რასაც ებრძვი?

– კარგად უნდა დავფიქრდე. სიფიცხეს, ალბათ. ბავშვობაში მეტად ფიცხი ვიყავი, ახლა ვცდილობ, დავაბალანსო. მდგომარეობიდან გამოვყავარ იმას, რასაც თავად არასდროს ვიკადრებ. 

– ვინ არის შენი მთავარი გულშემატკივარი?

– ეკა ფანჯავიძე, ვინც მირჩია ამ პროექტში მოსვლა, რომელიც ქასტინგების დროს მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ყველას აზრი მაინტერესებს. გიორგი გაბუნიას მინდა მადლობა ვუთხრა, ბოლო ლაივზე შეფასებისთვის. როგორც ლიდერმა, ისე იმღერაო, თქვა. სასიამოვნო მოსასმენი იყო.

– აქამდე არ გწყალობდა გაბუნია?

– არ ვიცი, ალბათ, მაკვირდებოდა. 

– რა არის შენი მთავარი კოზირი, როგორც კონკურსანტის, მომღერლის?

– რაზეც ზემოთ ვისაუბრე, რომ მაქვს შეხება იმ საოცარ, შეუფასებელ და აუწონელ მარგალიტებთან, რასაც ჰქვია ქართული ტრადიციული გალობა, რომელიც ძალიან რთულია.

– რას გვიმზადებ შემდეგი ტურისთვის?

– შემდეგი ტური არის სიმღერები ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან. თუმცა რას შევასრულებ, ამის თქმის უფლება არ მაქვს. 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი