ბექა წიქარიშვილი: აქციის მონაწილეებს და შსს-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება

13:55 05-14-2018
417

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შს სამინისტროს წარმომადგენლებსა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება. ამის შესახებ წიქარიშვილმა შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

“ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, რადგან ჩვენ ვართ საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო, რომ ფორმატის განსაზღვრაზე ჩვენ აგვეღო პასუხისმგებლობა და ინიციატივა. ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ანუ შეხვედრები იქნება უფრო წარმომადგენლობითი და ჩვენ მიერ დაგეგმილი ჯგუფისგან შემდგარი. მაქსიმალურად მოვიცავთ ყველას, ვინც გუშინ და ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა ჩვენთან ერთად. ჩვენ შევხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა და შევათანხმებთ დანარჩენ დეტალებს“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.