ნინო ლომჯარია: შსს მზად არის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოკადრები გადმოგვცეს

14:06 05-14-2018
129

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს ომბუდსმენის აპარატს სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და დაკავების ვიდეოკადრებს გადასცემს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლების და შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ვთქვი, რომ იყო შემთხვევები როდესაც ვფიქრობ, რომ მოქალაქეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადაცდომას ან რაიმე ტიპის სამართალდარღვევა და ისე ხდებოდა მათი დაკავება, თუმცა ამაზე პასუხი იყო ის, რომ შსს-ს აქვს მასალები" - განაცხადა ლომჯარიამ. 

მისი თქმით, მან შესთავაზა აქციის ორგანიზატორებს ყველა საჩივარი, რომელიც პარასკევს მომხდარ სპეცოპერაციას უკავშირდება, სახალხო დამცველის აპარატში შეიტანონ.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს. 

შეგახსენებთ, აქციები თბილისში, პარლამენტის წინ 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა. უსაფრთხოებისა და ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო პოლიცია და შესაბამისი სპეცტექნიკა. აქცია გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.