„მუსიკის რევოლუციად“ მონათლული აქცია

15:04 05-14-2018
183

„თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი წავიდა აუცილებელ კომპრომისზე და რუსთაველის აქცია მშვიდობიანად დასრულდა. არჩევანი მან პოზიციასა და ემოციას შორის გააკეთა და აჩვენა რომ ზიზღზე, სიბრაზესა და შურისძიებაზე მეტად მას პრობლემის მოგვარება აინტერესებს. ეს იყო სამოქალაქო პოზიცია. თუმცა, იყვნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ემოციური ტაღლა პოლიტიკურ იარაღად ექციათ და პროცესები რევოლუციაში გადაეზარდათ. 

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეძლო მძიმე დაპირისპირების ზღვართან მყოფი ორი აქცია მშვიდობიანად დაესრულებინა. თბილისის მერის კახა კალაძის შეთავაზება მეორე დღეს გაიზიარეს - ნარკოპოლიტიკაზე საუბარი აქტიურ ფაზაში შევა, შს მინისტრთან ერთად კი, არასამთავრობო სექტორი სპეცოპერაციას დეტალურად გაივლის - ვისაც გადაცდენა ჰქონდა დაისჯება - ამბობს გახარია, თუმცა, იქვე აკონკრეტებს: ასეთი შემთხვევები არ ყოფილაო.

 ახლა ყველა შედეგებს დაელოდება. 

„თეთრი ხმაური“ აქამდე წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდა და ცდილობდა, ნარკოტიკებთან მიმართებაში ხელისუფლების მიდგომები და პოლიტიკა შეეცვალა. ისე, ჩანს, რომ მმართველი ძალა, ნარკოპოლიტიკის სახით, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.  

ამ დღეებში კი „თეთრი ხმაური“ თავად აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე – „თეთრი ხმაურის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი მიხვდებოდა, რომ, წერტილოვანი დარტყმებისგან განსხვავებით, ფართომასშტაბიანი აქციების მართვა საკმაოდ რთულია. და ეს რუსთაველზე გამართულ ორდღიან აქციასაც დაეტყო. 

პირველი:

როცა პოლიციამ კლუბებში, „ბასიანი“ და „გალერიში“, სპეცოპერაცია ჩაატარა, იქ მყოფები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მათ ცეკვის უფლება არ მისცა. თუმცა, სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათ რვა ნარკოგამსაღებელი აიყვანეს და განმარტეს, რომ ოპერაცია სწორედ მათ წინააღმდეგ ჩატარდა. 

თავიდან ისე ჩანდა, რომ ქლაბერები პარლამენტის წინ მხოლოდ იმიტომ დადგნენ, რომ ცეკვის უფლება დაეცვათ – ამიტომაც ისინი რუსთაველზე ცეკვავდნენ.

მაშინ ჩვენ მოვისმინეთ ორი გაცხადება: ერთი ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ ის შეუვალი იქნება ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ „ბასიანში“ მათ ნარკოტიკული საშუალებებიც იპოვეს, ვერ დააკონკრეტეს მხოლოდ ნარკოტიკის სახეობა – ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

და მეორე, ქლაბერების ემოციური დამოკიდებულება, რომ ვიღაც პოლიციელებმა მათ ცეკვაში ხელი შეუშალეს. გასაგებია, რომ ისინი აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს.  

თავად „ბასიანისა“ და „გალერის“, მესაკუთრეებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე ხნით ადრე „ბასიანის“ ერთ-ერთი მესაკუთრე ზვიად გელბახიანი აცხადებდა, რომ „ბასიანთან“ დაკავშირებული პირები და მფლობელები ნარკოგარიგებების მონაწილეები არ არიან“. 

თუმცა, სპეცოპერაციამ და მანამდე მოპოვებულმა მასალებმა საწინააღმდეგო დაამტკიცა – „ბასიანისთვის“ ნარკოტიკით ვაჭრობა, როგორც ჩანს, უცხო არ იყო.  

„ბასიანით“ სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რამდენიმე ახალგაზრდა კლუბიდან გამოვიდა, მაგრამ სახლში გარდაიცვალა.  

მთელ ამ ისტორიაში კი ყველაზე უცნაური ისევ და ისევ გელბახიანის პოზიცია იყო, რომელმაც სამართალდამცველების ნარკოტიკისადმი ინტერესი პოლიტიკას დაუკავშირა და აღნიშნა რომ მას პრორუსები ებრძვიან:

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელში „ბასიანის“ წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას, რომელიც ხორციელდება პრორუსული აგრესიული ძალების მხრიდან. ეს ემსახურება „ბასიანის“ დისკრედიტაციას. კლუბთან ერთად „ბასიანი“ არის მოძრაობაც, რომელიც ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ გამოდის, ეს კი პრორუსული ძალების მხრიდან აგრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება“. – განაცხადა გელბახიანმა. 

„ბასიანში“ სპეცოპერაციის ჩატარებაც, როგორც ჩანს, იმის დასამტკიცებლად დასჭირდათ, რომ პრორუსები და პოლიტიკა კი არა, კლუბში ნარკოტიკებია. სხვა თემაა, რამდენად იყიდება იქ მკვლელი ნარკოტიკი „მეფედრონი“, რომლითაც 8 კაცი გარდაიცვალა. 

ერთ-ერთი გარდაცვლილის ლევან კალანდაძის დის განმარტებით, ქვეყანაში ლეტალური ნარკოტიკია შემოსული, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს.

„არ ვიცი, რა მოხდა ზუსტად, მეუღლემ და მეგობარმა იპოვეს სახლში. ეძინა და ძილში რაღაც მოხდა, გული გაუჩერდა. რადგან იყიდება, ის მაინც გააკონტროლონ, რა იყიდება. ბოლო 10 დღეში მე ვიცი მარტო 6 კაცი, ვინც გარდაიცვალა, ზოგი კომაშია“, – ამბობს გარდაცვლილის და.

გარდაცვლილის მეგობრის ბექა ჩხაიძის თქმით: 

„არ ვიცით, რა ხდება და იმედია, ყველაფერი დადგინდება. შხამია შემოსული. ერთხელ წელიწადში ადამიანი სადღაც წავიდა და რაღაც მიიღო, ესეც გასარკვევია, რა მიიღო, ფაქტია, რაღაც უბედურებაა შემოსული. ფაქტია, ორმა ადამიანმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა“.

ასე რომ, სპეცოპერაცია არ ჩატარებულა მოცეკვავე ახალგაზრდების წინააღმდეგ. 

ხელისუფლების არჩევანი ასეთია: ერთი ღამის ცეკვა თუ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე? რა უფრო ღირებულია: ერთი ცეკვა თუ ადამიანის რამდენიმეწლიანი სიცოცხლე? და, რა თქმა უნდა, შსს-მ, რომელსაც მანამდე ყველა სამართლიანად საყვედურობდა, ახალგაზრდები იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგითო, იმოქმედა... 

არ მოგვწონს? ფორმებია მიუღებელი? შესაძლოა, მაგრამ ხელისუფლება არ არის მოცეკვავე თინეიჯერი, რომ ღამის ცეკვის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ეს რთული არჩევანია და ხელისუფლებებს ყველა ქვეყანაში უწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება, ამიტომაც ხელისუფლებები არცერთ ქვეყანაში არ უყვართ. ყველგან ხდება ასეთი რეიდები, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ სხვაგან სამოქალაქო პოზიცია უფრო მეტია, ვიდრე ემოციები, ჩვენთან კი პირიქით, ყოველთვის ემოცია მეტია, ვიდრე პოზიცია... ჰოდა, ახლა ეს თემა დიდ პოლიტიკურ და პოპულისტურ მტვერს დააყენებს..

დააყენა კიდეც. და ისე გამოჩნდა, რომ „თეთრი ხმაური“ ამდენი მტვრისთვის მზად არ იყო. ამ აქციამ ხომ ძირითადად რადიკალები გამოაღვიძა პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც. რევოლუციის მოსურნეებმა თითქმის ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ნაპერწკლიდან ალი აენთოთ, პრორუსებმა კი ლამის წმინდა ომი გამოაცხადეს ნარკობარიგებისა და „ელჯიბიტების“ წინააღმდეგ. თქვეს, რომ ისინი სამოქალაქო რაზმებს შექმნიან და სამოქალაქო ომშიც ჩაერთვებიან, თუკი ეს ზნეობისა და ღირსების დაცვას დასჭირდა.

მეორე:  

„თეთრი ხმაურის“ ყველაზე დიდი შეცდომა მაინც მოთხოვნების აბსურდულობა გახლდათ. ცეკვის თავისუფლება რომ ვერ იქნებოდა შესაბამისი ლოზუნგი, მაშინვე გაირკვა, ამიტომაც მეორე დღეს ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა აქციას ყველა თემა ერთდროულად მიაბეს: ცეკვის თავისუფლება, ზოგადად თავისუფლება, რომელსაც გვართმევენ, ოკუპაცია, ოკუპანტები, შრომის უსაფრთხოების აუცილებლობა, უსამართლობა, ჩაგვრა და ასე შემდეგ. 

თუმცა, სტრატეგიული შეცდომა მაინც მოთხოვნებია. ეს მოთხოვნები მათ პუნქტებად ჩამოაყალიბეს:

1. დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა;

2. უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია;

3. დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;

4. მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.

პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომა ნამდვილად დამაბნეველი იქნებოდა ყველასთვის. ჩანდა, რომ ის უტოპიური და არარეალური მოთხოვნა იყო. ამით ისინი მთავარ პრობლემას ასცდნენ, რომელსაც მეორე დღეს დაუბრუნდნენ და აქცენტი უკვე ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე გააკეთეს. 

სხვა თემაა პრემიერის პოზიცია. აქციის მონაწილეები მისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ, ისევე როგორც შს მინისტრისგან. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა დუმილი არჩია. 

აქციის პირველ დღეს აქციის ორგანიზატორების მიერ დასახელებულ პირობებს შორის აქცენტი თბილისის მერმა ნარკოპოლიტიკაზე გააკეთა და რუსთაველზე მყოფ ახალგაზრდებს ამ ნაწილში თანამშრომლობა შესთავაზა. 

კახა კალაძემ თქვა: 

„ეს არის სერიოზული მიმართულება, რაზეც ახლა მე კონკრეტულად ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ და ჩემს უკან დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. თუ მათ აქვთ ინტერესი, როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკასთან და რას ვაპირებთ მომავალში, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენთან. კარი ღიაა, კედელი არასოდეს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებები ამ ყველაფერთან მიმართებაში“, – განაცხადა კალაძემ. 

კითხვაზე, რამდენად სწორი იყო ამ ფორმით კლუბებში შესვლა, კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა, ეს პოლემიკის საგანი იყოს.

„რაც შეეხება ფორმას, არ ვიცი, შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს ეს, როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა კალაძემ.