საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ, ხოლო პასპორტებს შეღავათიან ფასად აიღებენ

11:34 05-15-2018
509

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, ამომრჩეველთა სიების დახვეწის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ გასცემს, ხოლო პასპორტებს - 50 დოლარად. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირადობის მოწმობების გაცემის აქცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო პასპორტებზე - 2 თვე.

„პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები.მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო მიიღონ მონაწილეობა აქციაში, რომ საარჩევნო სია იყოს დახვეწილი.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმის წარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: