ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა იქნება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალ ეტაპზე გადაიყვანს - მიხეილ ჯანელიძე

12:20 05-15-2018
104

დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო დოკუმენტი - საგზაო რუკა, რომელიც იქნება შეჯერებული, შეთანხმებული და ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ის იქნება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ახალ ეტაპზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში და გაუხსნის შესაძლებლობებს იმ საბოლოო მიზნისკენ, რომელიც არის ჩვენი სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.  მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს. 

"ევროინტეგრაციის კომისიამ ევროინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცა. ეს არის ძალიან ამბიციური დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული და საკანონმდებლო ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ის კონცეფცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის. ეს არის ის გეგმები, რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა დაინტერესებულ პირთან. სწორედ ჩვენ ვიწყებთ ამ ფართო და ღია კონსულტაციების რეჟიმს. პარლამენტში განვიხილავთ ამ კონცეფციას. ასევე, შექმნილია შესაბამისი ფორმატები, სამუშაო ჯგუფები", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.