საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ დროა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და შეწყდეს ამ თემით სპეკულირება:
„არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ მომხმარებლების ნაწილში ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად ჰუმანური. ამ კუთხით რომ ნაბიჯები გადასადგმელია, ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროა, რომ ქმედითი ნაბიჯები ვერა და ვერ გადაიდგა. დაუშვებელია მუდმივი სპეკულირება ამ თემით.
ახლა ახალი ტალღა იწყება სპეკულაციის, თითქოს, ჯერ ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა, არადა საქართველოს პარლამენტში დევს უკვე კანონპროექტი მოხმარების მუხლის ლიბერალიზაციის მიმართულებით.
ვიღაცას სურს, რომ ეს კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად, ეს უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს რეალური ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მხარს დაუჭერს, როგორც ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, ასევე, ელიან ამ კუთხით ინიციატივებს:
„ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ მხარს დავუჭერთ და პრეზიდენტიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც განახორციელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იქნებიან ესენი ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე ვთქვათ "ქლაბერები", ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები თუ სხვა. ველით მათგან ინიციატივებს და მზად ვართ ანტინარკოტიკული კამპანიის კუთხით, პრეზიდენტის ინიციატივით არაერთ პროექტს დავუჭიროთ მხარი”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.