ძაღლების თავშესაფრის მფლობელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა თავშესაფარი დროებით დახურა.
პრაიმტაიმი ელიზბარაშვილს დაუკავშირდა და ის მიზეზები დაადგინა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, გამუდმებით ატერორებენ და შს სამინისტროს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. თავშესაფრის მფლობელის თქმით, ახალ ძაღლებს ვერ მიიღებს, თუმცა იმ ძაღლებს, რომელიც უკვე თავშესაფარშია, მიხედავს:
მე თავშესაფარი დავხურე, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მიიღებს ზომებს და იმ ტერორის, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ყოველდღიურად არის. ამას უკვე მასობრივი ხასიათი მიეცა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე, დღეში 6-5 ზარი შემოდის და პირდაპირ გადადიან გინებაზე. როცა ვეკითხები რატომ მაგინებენ, მეუბნებიან, რომ მე მივეცი ნომერი და მათ ვაგინე. რაღაც ჯგუფი არის თბილისის ფორუმი, სადაც გაერთიანებული არიან ბოროტი და ბინძური ადამიანები და ჩემი მისამართით ამ ტერორს ახორციელებენ. სამი დღის წინ, ქუჩაში ახალგაზრდა კაცი დამხვდა და მეუბნება ბატონო თამაზ, მე გიცნობთ და რატომ მაგინებთო. იქ მე მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინე და დავარწმუნე, რომ მე არ ვყოფილვარ. სამინისტროს მივმართე 3-ჯერ და რეაგირება არის ნული. მოვიძიე, საიდან ხდება და როგორ დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ ბინძური პროვოკაციული გეგმა. აქამდე დაინტერესებული რომ ყოფილიყო შსს, დიდი ხნის გახსნილი იქნებოდა საქმე... ქუჩაში მე არ მაქვს იმის გარანტია, რომ ასეთი გაგიჟებული ადამიანი არ მომადგეს და დანა არ გამიყაროს. ჩემს სიცოცხლეს და ოჯახის წევრებს აშკარად საფრთხე ემუქრება. ჩემს წინააღმდეგ ახალი ტერორი დაიწყეს, რასაც უკვე ვეღარ ვუძლებ. მე არავისგან არ ვითხოვ მადლობას, ისე ვაკეთებ ამ საქმეს. ჩემი ჯიბით და ჩემი ფულით ვაკეთებ. აღარ ვღებულობ ძაღლებს, დავხურე თავშესაფარი. ის ძაღლები, რომლებიც თავშესაფარშია, მივხედავ და ქუჩაში არ გამოვყრი - განუცხადა პრაიმტაიმს თამაზ ელიზბარაშვილმა.