შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული პ.ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებული მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა პ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.