საქართველოში 11000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრი

11:49 05-20-2018
132
თეგები: შიდსი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასულ წელთან შედარებით აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7000-ს გადააჭარბა. გასულ წელთან შედარებით, წელს, 30-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

უახლესი მონაცემებით, აივ/შიდსის, სულ 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 7032 აივ/ შიდსის მქონე ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივი ექსპერტების ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია. აივ ინფექციების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, რასაც მოსდევს დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კახეთში" - აცხადებენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრში, სადაც აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

დღეს მსოფლიო შიდსით გარდაცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1983 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირას აღინიშნება. წელს მისი დევიზია “გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის”.

ავტორი: