ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.
სამმართველოში შესვლამდე გრიგოლიამ განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიურად მოძალადე შესაძლოა შეურაცხადიც იყოს, ან თაღლითი და გამომძალველი.
ტელეწამყვანის განმარტებით, ბოლოს პოლიციაში დაახლოებით ერთი წლინ წინ იყო მისული ამ საკითხზე და უთხრეს, რომ კანონი ადევნების შესახებ ჯერ არ არსებობდა, თუმცა, შემუშავების პროცესში იყო. ამიტომ, ტელეწამყვანის განმარტებით განცხადების დაწერას აზრი არ ჰქონდა.
რაც შეეხება გამოძიებას, ტელეწამყვანის თქმით, შსს-დან პოსტის დაწერის შემდეგ, გუშინ დაუკავშირდნენ.
ამდენი წლის განმავლობაში პოლიციამ ვერ დამიცვა. მე მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი მემუქრება, როგორ უნდა ვიცხოვრო? დამიცავს ჩემი პოლიცია, ჩემი სახელმწიფო, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო ხელში და მოვკლა?
ჩემს სახლთან არის კორპუსის დაცვა და მათ თავადაც ჰყავთ ნანახი ეს ადამიანი. მან იცის ჩემი სახლის მისამართი, ბინის მისამართი, ყველაფერი ჩემს შესახებ. მან ასევე იცის ჩემი მშობლების სახლი. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც, როცა კანონი არის ადევნებაზე, გამოძალვაზე, თუ სახელმწიფო ვართ, არ შეიძლება ასეთი რამ რეაგირების გარეშე დარჩეს. თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე. ჩვენ თუ ვართ სახელწიფო, არ შეიძლება ასეთი რაღაცეები რჩებოდეს უყურადღებოდ.
მე არ მჭირდება ბოდიგარდები და ჩემს გვერდზე მოსიარულე მცველები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. თუმცა, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მთავარ თემად ვაშუქებთ ძალადობის თემებს და შეიძლება ვინმე ასევე გამისწორდეს. მე მაინტერესებს ერთი რამ, დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ.
ეგებ, ამჯერად მაინც მოხდეს ჩემი დაცვა - განაცხადა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინგა გრიგოლიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცელი წერილი დაწერა იმის შესახებ, რომ უცხო პიროვნება უკვე ბევრი წელია ემუქრება და ფსიქოლოგიურად მასზე ძალადობს.