პარლამენტის სკანდალური კანონი - რა სახის ცენზურა დაწესდება კინოსა და ლიტერატურაში

10:33 05-21-2018
241

ავტორი: ეკა პატარაია         

პარლამენტმა შესაძლოა, ახალი კანონი – შემოქმედებითი ცენზურა მიიღოს. კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერაა ინიცირებული, კანონში კულტურის შესახებ ცვლილებებს გულისხმობს, სასამართლოს უფლებას აძლევს, ნებისმიერი წიგნი, სპექტაკლი და ფილმი დააყადაღოს. აკრძალვა ეხება იმ შემოქმედებით ნაწარმოებებს, რომელიც ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს აღვივებს, ომსა და ძალადობას ქადაგებს, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. ფაქტობრივად, ეს ისაა, რაც 1997-2017 წლების კანონში მე-8 და მე-9 მუხლებში წერია, რომ დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შეიცავს თუ არა პორნოგრაფიას ესა თუ ის ფილმი, სპექტაკლი ან ნაწარმოები, ამას სასამართლო დაადგენს, თუმცა შესაძლებელია კანონში ქვეპუნქტების სახით ნებისმიერი ეროტიკული ეპიზოდიც პორნოგრაფიად იქნეს მიჩნეული. გამოიწვევს თუ არა გაუგებრობებსა და დაპირისპირებას შემოქმედებით პროცესებში უხეშად ჩარევა, ჯერ არავინ იცის. დიდი ალბათობით, აღნიშნულ კანონს სწორედ აქეთკენ მივყავართ, რადგან დაუშვებელია მწერალს, რეჟისორს ხელისუფალთაგან ვინმემ უკარნახოს, როგორ იმოქმედოს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შემოქმედებითი თავისუფლებაა. თავისუფლება, რაც არასდროს ჰქონიათ ნიკო ლორთქიფანიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, კოტე მარჯანიშვილს, სიკო დოლიძეს (შემდგომში სხვა რეჟისორებს) და მთელ იმდროინდელ ინტელიგენციას. არის თუ არა აღნიშნული კანონპროექტი ტოტალიტარული სახელმწიფოების, კერძოდ, საბჭოთა მოდელის ანალოგი, როდესაც იღებდნენ გადაწყვეტილებას რა კორექტივები შეეტანათ ფილმებში, ჭრიდნენ, ჩეხდნენ, მთლიანად აკონტროლებდნენ ჩვენს შემოქმედებას. 

მოდი, გავიგოთ, რას ფიქრობენ თავად ამ კანონპროექტის ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი და კულტურის წარმომადგენლები:         

– მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს ახალი კონსტიტუციური ცვლილებები.  ცვლილება განიცადა კონსტიტუციის იმ მუხლმა, რომელიც განამტკიცებს შემოქმედების თავისუფლებას. კერძოდ, მოქმედი კონსტიტუციით შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დასაშვებია, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს (მუხლი 23). თავის მხრივ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად (მუხლი 20), შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას და ამ უფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების დაცვას, ანუ კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დაცვის გაზრდილ სტანდარტებთან მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზება. შესაბამისად, რიგ საკანონმდებლო აქტებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში) წარმოდგენილ იქნა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და მათში სრულად ინტეგრირდა ახალი კონსტიტუციის ჩანაწერი. 

– ამან უკვე გამოიწვია შეშფოთება კულტურის სფეროს წარმომადგენლებში, უფროსი თაობა ახალ კანონპროექტს აღიქვამს როგორც საბჭოთა მოდელს. 
–  ეს არის პოზიცია, უფრო სწორად ამბავი. მეტს ვერაფერს დავამატებ. 

ავთო ვარსიმაშვილი, თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი:

– დავიწყოთ იმით, რომ ეს კანონი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია. დღეს ქვეყანაში, მომძლავრებული ფაშიზმის გამო, ასეთი კანონის არსებობა საჭიროცაა საზოგადოებისთვის. მეორეა, ვის ხელში ხვდება და ვინ როგორ გამოიყენებს ამ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მართლა არ არსებობს ცენზურა და სასაცილო მგონია, ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ეს კანონი, მაინც არ ვართ დაზღვეულები, რომ ხვალ არ იქნება ეს კანონი ბოროტად გამოყენებული და არ გამოჩნდება ძალა, რომელიც ამ კანონს ამოფარებული არ დააწესებს ცენზურას. სწორედ ამიტომ მხარს არ დავუჭერდი ამ კანონის არსებობას.  

მსახიობმა ნანი ჩიქვინიძემ, რომელმაც 1984 წელს მეუღლის, თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულ ყველაზე თამამ სპექტაკლში „ჯაყოს ხიზნებში“ მარგოს როლი განასახიერა, გვითხრა, რომ პირადად ნებისმიერი ცენზურის წინააღმდეგია. უფრო თვითცენზურა მოსწონს და  სრულიად იზიარებს მოსაზრებას –  „ჩემი თავისუფლება თავდება იქ,  სადაც იწყება სხვისი უფლებები“.  

ბუბა ხოტივარი, სცენარისტი და რეჟისორი: 

„რა თქმა უნდა, ცენზურა, ანუ ჩარევა, არასასურველია. ხელოვანი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ყველასგან. რა კარგი მოსასმენია, არა? რისგან და ვისგან უნდა იყოს თავისუფალი ხელოვანი? პირველ რიგში – ჩინოვნიკის დიქტატისგან. მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულია, დააფინანსოს კინო, როგორც დარგი, და ამის შემდეგ არ ჩაერიოს ფილმის შექმნის არც შემოქმედებით, არც საწარმოო პროცესში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაზე ადვილი მოსახერხებელია სახელმწიფო კინემატოგრაფში. კერძო სტუდიაში ამას ვერანაირი კანონით ვერ გაავრცელებ. ის კერძოა და მორჩა. კერძო კინოსტუდიის მეპატრონეს აქვს თავისი მიზანი – ან კომერციული ან დაკვეთილი. ის არის დამქირავებელი რეჟისორისა, რომელიც, როგორც დაქირავებული, ემორჩილება სხვის კერძო ინტერესებს. აქ შემოქმედების თავისუფლებაზე, როგორც წესი, არც არის ლაპარაკი. სახელმწიფო სტუდიის მიზანიც უნდა იყოს ხელოვნების შექმნა – არა გადაღება, არამედ კარგად გადაღება. კულტურულ მოვლენას კი ქმნის მხოლოდ თავისუფალი, ნიჭიერი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე რეჟისორი. ასეთებს უნდა ეძებდეს და ასაქმებდეს სახელმწიფო, რადგან, გინდა-არ გინდა, ფილმის ხარისხს განსაზღვრავს რეჟისორის ნიჭიერება. უნიჭო რეჟისორის ხელში ისედაც ყველაფერი უსუსური და უინტერესო ხდება. მაშინაც კი, იმ საბჭოთა დროს, სახელმწიფო ფილმებს აძლევდა ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებიც, თავის მხრივ, ამის მერე აგროვებდნენ მაღალი ხარისხის კინოჯგუფებს. ამიტომ მაშინ კინო ქმნიდა დიდ კულტურას. კულტურა იყო იმ ჩვენი კინოსტუდიების მიზანი. ყველამ ვიცოდით ამჟამად ღრმად დავიწყებული კანონი: კარგ და ნიჭიერ ფილმს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მოაქვს ბევრად მეტი, ვიდრე მოაქვს ფულს. ფილმს, როგორც კულტურულ მოვლენას, არსად მსოფლიოში ფული არ მოაქვს. ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს რისგან... ზნეობისგან? სიკეთისგან? საკუთარი სინდისისგან? ამ სიტყვების გამო ვიღაცები ჩაქოლვას მომინდომებდნენ – ჩამორჩენილი საბჭოთა რეტროგრადი ხარ და საერთოდ, ღმერთის გჯერაო. ეს დასკვნა ახლა უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო დროის საბჭოთა კავშირში. ვერავინ ვერ აზუსტებს გასაგებად, რა არის ეს ცნებები კინოში. იწყება ჩიხი, საიდანაც ვერ გამოხვალ. უნიჭოდ გაკეთებული ზნეობრივადაც მიუღებელია, ნიჭიერება აგვარებს ყველაფერს. გენიალურობა ორგანულად ვერ იტანს გადამეტებულ ბილწსიტყვაობას, ხაზგასმულ სადიზმს და ა.შ. ჰომეროსთან, რუსთაველთან შექსპირთან, ჰიუგოსთან, ვაჟასთან, სხვა გენიოსებთან უამრავია სხვადასხვა სახის უზნეობები, მაგრამ ავტორის მაღალი სულიერება აკეთილშობილებს ყველაფერს. ავტორის გენიალობა თვითონ ქმნის მაღალი ზნეობის ახალ ნორმებს, თუმცა ხანდახან თვით ნაწარმოებში არაფერი მისაბაძი თითქოს არც არის. ასე რომ, ხელოვანი აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს ყველასა და ყველასგან, მაგრამ თვითონ, თავის თავში, თავის სულიერებაში, ის არასოდეს არის თავისუფალი არც ზნეობისგან, არც სიკეთისგან და არც საკუთარი სინდისისგან. ნიჭიერს არ სჭირდება ცენზურის მათრახი. ის ზღვარს არასოდეს გადადის ცენზურის გარეშეც. სად იწყება უზნეობა ეკრანზე და სად მთავრდება, ძნელი დასადგენია. გაიხსენეთ, რამდენს აწვალებდნენ ლუის ბუნუელს ესპანეთში. მოკლედ, ისმის კითხვა: ცენზურა არ უნდა იყოს? რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს, მაგრამ ნახეთ, როგორი პარადოქსებია, როცა ცენზურა არ არის, რა ხდება მაშინ? იწყება აჯაფსანდალი, ანუ ბარდაგი. ისევ კითხვა: აბა, რა ქნას სახელმწიფომ, რანაირი კანონი მიიღოს? აბა, რა ვიცით. შეიკრიბონ „ტვინები“ და გადაწყვიტონ. პირადად მე, არ მეშინია არანაირი ცენზურის. პორნოგრაფიის პროპაგანდა თურმე ხელოვანს ყადაღის დადებად დაუჯდება. ვინმემ დაადგინა, რა არის პორნოგრაფია? თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს ახალგაზრდობაში ევროპულ ქვეყნებში იყო ამის განმარტება: შიშველი ორგანოების პირდაპირი ჩვენება ეკრანზე, ნებისმიერი დისტანციიდან გადაღებული, არ იყო აკრძალული – არც ქალის, არც კაცის. ერთი გამონაკლისის გარდა, მამაკაცისა იყო აკრძალული, თუ ის იყო აღგზნებული და მზად იყო საქმისთვის. კამათი იყო მხოლოდ აღგზნების სტადიაზე – ცენზურას (მოსამართლეს) ერჩია, ყოფილიყო ადრეული სტადია აღგზნებისა. სასაცილოა, მაგრამ ასე იყო. დღესაც, როგორც ჩანს, ძირითადში ასეა. არ შეიძლება პორნოგრაფიად მოინათლოს ინტიმური და ეროტიკული სცენები. ამ სცენების გარჩევა კი ერთმანეთისგან სულ არ არის ძნელი. გააჩნია, ვინ არის ცენზორი. ისე დავბერდი, მაინც ვერ გავიგე, რა მოვლენა იყო ეს საბჭოთა ცენზურა! სისხლს გვიშრობდა, გვაწვალებდა, გვაშინებდა. ჩვენც ძალიან ბევრს ვებრძოდით, ახლაც ვლანძღავთ, მაგრამ ფაქტია, სწორედ იმ 70-იანი წლების ტოტალიტარული წნეხის დროს შეიქმნა ისეთი მსოფლიო შედევრები, რომელთა მსგავსი არსად არ არის. მსგავსი არის მხოლოდ აშშ-სა და იტალიაში, იქაც კი, მათი დიდი ფილმები საკმაო ცენზურის პირობებში იქმნებოდა (განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომამდე). რა ხდება, მართლა არ ვიცი. ვინც იცის და ამოიცნო, თქვას, ოღონდ ფილოსოფიური გაპრანჭვისა და სიტყვების ღრმა აზროვნობის გარეშე, იმიტომ, რომ ამის შესახებ ძალიან ბევრია დაწერილი მსოფლიო კინომცოდნეობაში, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაარკვია და დაასკვნა. სამუდამო კვალი ცენზურამ საბჭოთა ფილმებს კი დაამჩნია, მაგრამ მოდი, ახლა მაინც ვთქვათ გულწრფელად: მე არ ვიცი არცერთი მართლაც ნიჭიერი ქართველი რეჟისორი, რომელიც ვერ შედგა, როგორც რეჟისორი. აქ მხოლოდ ერთი რამ იყო – არ შეიძლებოდა მარქსიზმის, მისი ბელადებისა და სისტემის პირდაპირი ლანძღვა-გინება. ლანძღვა არ შეიძლებოდა პირდაპირი, თორემ შეფარვით, გადატანითი მნიშვნელობით, იგავით – რამდენიც გინდა. ბევრი კარგი კადრი არ შევიდა ჩვენს ფილმებში, თქვენ მეუბნებით. დიახ, ასე იყო, არ შევიდა იმიტომ, რომ რეჟისორმა უკვე იცოდა, სად შეექმნებოდა პრობლემები, ამიტომ აქცენტს აკეთებდა იგავზე, მეტაფორაზე, ალეგორიაზე. ეს კი უკვე ხელოვნებაა. ამიტომ იყო ბევრი კარგი ფილმი. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი. მოკლედ, დიდი ნაწარმოებები იქმნებოდა უცენზურობის დროსაც და დიდი ცენზურის წნეხის ქვეშაც. ასე რომ, ეს ოხერი ცენზურა გინდ ყოფილა, გინდ – არა“. 

ირაკლი საღინაძე, „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელი და  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პროდიუსერი: 

„ამ კითხვებზე არსებობს გრძელი და მოკლე პასუხი. მე მოკლედ გიპასუხებთ: ეს არის კატასტროფა და ხელისუფლების სრული უგუნურებისა და არაკომპეტენტურობის ზეიმი. მეტის თქმა ძალიან შორს წაგვიყვანს“. 

ქეთევან დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი: 

„გამორიცხულია, აბსურდი, ტყუილად გაირჯებიან. ცენზურა ვერ ერევა მწერლის ოსტატობას. დიდი მწერლები ყოველთვის პოულობდნენ სათქმელის გამოხატვის ხერხებს და აკრძალული ნაწარმოებებიც ყოველთვის პოულობდა გზას მკითხველამდე. ასე იყო და ასე იქნება. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როცა აკრძალული ნაწარმოები ათწლეულებისა და ასწლეულების შემდეგ ცოცხლდებიან. საბჭოთა ცენზურა, მიუხედავად იმისა, რომ უმკაცრესი, დაუნდობელი და ბრიყვი იყო, ხშირად ვერ ხვდებოდა ქვეტექსტებს და რაღაცები ეპარებოდათ. ამის მაგალითიც ბევრია. დღეს ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, რაღა დროს ცენზურაა, თავს იღუპავს და დასაცინად სწირავს თავს ამ იდეის ავტორი“.

შოთიკო კალანდაძე, ეროტიკული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორი:

– ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა არის პორნოგრაფია. მაგალითად, „კალიგულა“, სადაც მრავლად არის პორნოგრაფიული სცენა, ეს ხელოვნებაა. თან, 1979 წელს არის გადაღებული. გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს. მთავარია, არ იყოს ნატურალური. ჩემი აზრით, ამ კანონს არ მიიღებენ და თუ მიიღებენ, ძალიან სამწუხარო იქნება, ძალიან მეწყინება. +18 ხომ წერია ფილმებზე. ადამიანური განცდების, სულის წარმოჩენა არის ეროტიკაც და მე ასე მინდა წარმოვაჩინო. რადგან თამამ ფილმებს  ვაჩვენებ, ხალხს ჰგონია, რომ ეს არის ეროტიკა. ისეთი მსახიობები არიან აქ – სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე, ვინ არ არის, ამას აჩვენებენ სწორედ, განცდებს, სულიერებას. ძალიან დიდი სანერვიულო იქნება ეს ჩემთვის, მართლა რომ მიიღონ ეს კანონი“.