„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
“2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 14%-მდე გაიზარდა. 2017 წელს ეს მონაცემი 13.9% იყო. უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ზომის შემცირებით.
“წელიწადზე მეტია “ევროპული საქართველო” მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიან საკანონმდებლო პაკეტს სთავაზობს, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და საერთოდ არ აინტერესებს ხალხის მდგომარეობა”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.