თემქაზე მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
როგორც ნაირა ოტიაშვილმა საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არც ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც გარდაცვალების მიზეზი 33 ჭრილობა გახდა, რომელიც თითქოს იმ დანითაა მიყენებული, რაც მის დაცვის ქვეშ მყოფის საკუთრება იყო.
ბრალს არ აღიარებს. ლადო გრიგალაშვილი დააშინეს. ოპერატიული ჩაწერისას შეცდომაში შეიყვანეს. გამოდის, რომ ოპერატიულმა თანამშრომლებმა აიძულეს ეთქვა, რომ იმ დანით განახორციელა დანაშაული, რომელიც ამოიღეს, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.
21 წლის ანა ნაცვლიშვილის გვამი თემქაზე 22 თებერვლის დილით იპოვეს. გოგონა სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტის სტუდენტი იყო. შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მისი მეგობარი, ლადო გრიგალაშვილი დააკავა.