იუსტიციის სახლის წინ ე.წ 26 მაისის თაღი გაიხსნა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ის გზა გაახსენა, რომელიც 1918 წლიდან დღემდე გავიარეთ საქართველოს მოქალაქეებმა:
„დღეს ჩვენ თბილისის იუსტიციის სახლის წინ გავხსენით ე.წ. 26 მაისის თაღი, რომელიც არის ინსტალაცია და აღნიშნავს ჩვენი ქართული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის თავს, რადგანაც წელს ჩვენ ვზეიმობთ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების ამ დიდი საქმის 100 წლისთავს. ვხედავთ, რომ 1918-1921 წლებში ჩვენი საქართველოს მოქალაქის პასპორტი იყო ორენოვანი ქართული და ფრანგული და დღევანდელ პასპორტებამდე გზა როგორ გავიარეთ. პასპორტებამდე, რომელიც დღეს ბიომეტრიული უსაფრთხო დოკუმენტია, საშუალება გვაძლევს, რომ უვიზოდ ვიმოგზაუროთ შენგენის სივრცეში. ეს არის იმ ოცნების რეალიზება, რომელიც ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროინდელ ქართველებს ჰქონდათ”, – განაცხადა წულუკიანმა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე, იუსტიციის სახლის დირექტორი გივი აზაურაშვილი, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი ესწრებოდნენ.
თანამედროვე პასპორტი 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა. მის მფლობელებს 2017 წლიდან ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობა შეუძლიათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ წლის განმავლობაში საქართველოს ყველა იუსტიციის სახლში იქნება წარმოდგენილი. გამოფენები უკვე გაიმართა: ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლისა და გორის იუსტიციის სახლებში.