ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, 200 ლარით დაჯარიმდებიან

12:06 05-24-2018
96

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება.

მისივე თქმით, დაახლოებით პირველი ნოემბრიდან უკვე რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

"იყო მოარული ხმები, რომ ტაქსების ნებართვიანობა მოიაზრებს იმას, რომ გადასახადებით დაიბეგრებიან ტაქსის მძღოლები და ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის დღეს, არის მოქმედი, შენარჩუნდება ტაქსტის მძღოლებისთვის, უბრალოდ, საკრებულოს აქტის მიღების შემდგომ აგვისტოდან ნოემბრის თვემდე დაიწყება რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას. მინდა კიდევ შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა დაახლოებით 50 ლარის ოდენობით. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, ფაქტობრივად, ფურცლის ფულია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი იქნება 50% სრული გადასახადის, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო, ჩვენ ამით ვახალისებთ ამ მიმართულებას და სხვა სანებართვო პირობა არ იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.