ძიუდოისტები აქციის ჩატარებას აანონსებენ

18:12 05-24-2018
110

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას კვლავ აქტიურად ითხოვენ და კვირას, 17:00-ზე პარლამენტის წინ აქციას აანონსებენ.

„ქევხიშვილი გამოდის და იძახის, რომ მათ დაასახელონ ისეთი პიროვნება, ვინც უშუალოდ შეძლებს ამ პრობლემების გამოსწორებას, თუ ის იყოო. თუ ის კიდევ ვერ ხვდება, რომ აქ პრობლემები ნამდვილად იყო, მაშინ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია" -აცხადებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სპორტსმენებს სოციალური ქსელით დიალოგისკენ მოუწოდა:

"წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი, გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით.

წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.

ამით თქვენ გექნებათ საშუალება, თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენციის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი, მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სწორედ თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა, თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგულირების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი" - დაწერა ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში.

ავტორი: