ენგურჰესზე მომხდარი ავარიის სერიოზულობაზე დეტალები დღის მეორე ნახევარში გაირკვევა

11:19 05-25-2018
108

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ენგურჰესზე მომხდარი ავარიის სერიოზულობაზე დეტალები დღის მეორე ნახევარში გაირკვევა:

„წყალი შევარდნილია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა მეზობელი ქვეყნებიდან, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა", – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებას, მისი განცხადებით, დღის მეორე ნახევარში დაზუსტდება ენერგომარაგების უზრუნველყოფა რუსეთის დახმარებით მოხდება თუ სხვა წყაროს საშუალებით.

ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისის რამდენიმე უბანში და რეგიონებში გუშინ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის ინფორმაციით,  გუშინ, 20:11-ზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. გუშინვე, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა უბანსა და რეგიონში აღდგა.

ავტორი: