სიტყვის თავისუფლებით სარგებლობისას, გავითვალისწინოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენი ერის იდენტობას წარმოადგენს - ირაკლი სესიაშვილი

13:07 05-25-2018
106

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს, თუმცა, თავისუფლება პასუხისმგებლობასაც მოიცავს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენი განცხადებებით შეურაცხყოფას არავის მივაყენებთ:

„დემოკრატია არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარების და აქ ზედმეტი კითხვები არ ისმება. თუმცა, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც. ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი და სხვისი უფლებები იწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თავისუფლებით სარგებლობისას გავითვალისწინოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ერის იდენტობას წარმოადგენს, რამაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამას. სახელმწიფო კვლავაც სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დარჩება, თუმცა ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისას არ მივაყენოთ ვინმეს შეურაცხყოფა მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში არჩევანი, წინასიტყვაობა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, მხატვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. თვითმკვლელი მარიამის შეფასებით დაიწყო და განაცხადა: „შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით - თქვა გაბუნიამ.

საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ეკლესიას ისევ უპირისპირდებიან, ყველაზე მკვეთრად კი ამას ,,რუსთავი 2” გამოხატავს. საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, რომ პროვოკაციას არ აყვნენ. ასევე, სამღვდელოებას მოუწოდეს, რომ რუსთავი 2-თან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ. 

განცხადებაში, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავს საპატრიარქო და ქმედითი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

 

ავტორი: