მეუფე შიო "რუსთავი 2"-ს: დავანგრიეთ ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით...ეს გინდათ თქვენ?

16:14 05-25-2018
4470
თეგები: მეუფე შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში ქადაგებისას „რუსთავი 2“-თან და მის გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქადაგებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს:

„მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა ამ რამოდენიმე დღის წინ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თქვენ იცით, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად და სპეციალურად ხდება, შეიძლება ამის სხვადასხვა მიზანი არსებობდეს. ეხლა შეიძლება, ამბიონი ამისი განხილვის ადგილი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ერში არ უნდა ხდებოდეს.
ვინ ამას ფიქრობს და გეგმავს, იმან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ჩვენი ერი არასდროს იგუებს ამას და მინდა მივმართო მათ: ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად: გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს, დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ. 
იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო, სწორედ ესეთი მკრეხელობებით და შეურაცხმყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრიეთ ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით ჩვენ. და აი, ჩვენ ვკითხოთ მათ: ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? აგერ, ხელის გულზეა ეს ყველაფერი და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, სად არიან ახლა? აი კიდევ ერთი შეკითხვა. ვიცნობთ ჩვენ მათ, მათი სახელები ცნობილია უკვე, ის ლიდერები ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი დღეს, მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ესე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ. მიუხედავად იმ დევნისა და შეურაცხყოფისა ეკლესია ცოცხალია, იმიტომ რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას, და ისინი სად არიან მოგეხსენებათ თქვენ და შევახსენოთ ამ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის მათაც, იგივე ელის და დავფიქრდეთ ყველანი ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში არჩევანი, წინასიტყვაობა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, მხატვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. თვითმკვლელი მარიამის შეფასებით დაიწყო და განაცხადა: „შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით - თქვა გაბუნიამ.

საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ეკლესიას ისევ უპირისპირდებიან, ყველაზე მკვეთრად კი ამას ,,რუსთავი 2” გამოხატავს. საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, რომ პროვოკაციას არ აყვნენ. ასევე, სამღვდელოებას მოუწოდეს, რომ რუსთავი 2-თან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ. 

განცხადებაში, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავს საპატრიარქო და ქმედითი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

ავტორი: