ჟან კლოდ იუნკერი: თქვენ არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში

14:04 05-26-2018
93

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ. იწყება ახალი თავი ჩვენს ურთიერთობაში," - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე მოსახლეობას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, მიულოცა.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს, ამ ძალიან ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ მიაღწიეთ ამას. მინდა ვთქვა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე საქართველომ ის გადაწყვეტილება და სულისკვეთება გააძლიერა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულ დონეზე იქნა მიღებული და საბოლოოდ მან თანამედროვე ბილიკზე დაიწყო სვლა. ქვეყანამ თავისი მომავალი დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არ არის მხოლოდ მისწრაფება, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი და თავდადებული მოღვაწეობის შედეგი. დემოკრატია გახლავთ ის გზა, რომელსაც ქართველმა ერმა უპირატესობა 1918 წელს მიანიჭა. ეს სულისკვეთება დღესაც განსაზღვრავს თქვენი ქვეყნის მომავალს,“ - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.