საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

15:42 05-26-2018
79

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და მერის მოადგილეებთან ერთად, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა.

დედაქალაქის მერმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, ევროპული ქვეყნების ლიდერებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა მივულოცო ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოში, ასევე, საზღვრებს გარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ ლიდერებს  სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ პავილიონში -  ინსტალაცია  „100“, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ არის განთავსებული, თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით მოცულობითი ციფრებია წარმოდგენილი. ოპერის თეატრის მიმდებარედ განთავსებულია კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით, სადაც დღის განმავლობაში, სხვადასხვა ძველ ფილმებს აჩვენებენ. წარმოდგენილი იქნება ასევე, ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით - „1918-2018“.

თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია რუსთაველის გამზირზე, 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენაა. პროექტში სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე, სტუდენტები მონაწილეობენ.

უსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგოც განთავსდა, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტია დატანილი.

 პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სამი საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თამაშები, ანიმატორები, სამაგიდო თამაშები. ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება ასევე, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, თოჯინების თეატრი, აზოტის, წყლის ბუშტების შოუ და სხვა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები. დამთვალიერებელთათვის ეწყობამწვანე გაკვეთილები“, რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს უმზადებენ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.