საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი არის საქართველოში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, გულითადად მივესალმო ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.
ის ფაქტი, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი არის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ერთად ვზეიმობთ ესოდენ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.
ასევე მინდა, მივესალმო ევროკომისარ იოჰანეს ჰანს და ბატონი ჟან-კლოდ იუნკერის დელეგაციას საქართველოში.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეფორმირების პროცესში და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჟან-კლოდ იუნკერს მისი პირადი წვლილისათვის - საქართველოს დახმარების პროცესში.
ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. დღეს საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე - რეფორმების დღის წესრიგი. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდებიან შენგენის სივრცეში", - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
"ევროკავშირი გახლავთ ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარე და საქართველო ძალიან მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის და აღიარების მიმართულებით.
მე აღარ განვაგრძობ დიდ ხანს ჩემს სიტყვას, გამომდინარე იქიდან, რომ ამინდი, შესაძლოა, ჩქარა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს ხელისუფლების სახელით, ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და ასევე, მინდა, მას დავუთმო ტრიბუნა, ვინაიდან, ჩვენს მიერ მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები მინდა, რომ მან პირადად გამოაცხადოს საქართველოს მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.