საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.
დისკუსია საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნეს.
დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო უწყების ხელძღვანელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს საიუბილეო თარიღის ფარგლებში საქართველოში ჩამობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საქართველო პირველად აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს ამდენი მეგობარი ქვეყნის ლიდერთან ერთად.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ კურსზე და ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
„დღეს, საქართველო ეტაპობრივად და თანამიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს, ევროპულ გაერთიანებას, რომელმაც საერთო ღირებულებებისა და პრინციპების დაცვით, საუკეთესო სტანდარტებისა და ნორმების დანერგვით ყველა დარგში, უპრეცედენტო მშვიდობა და განვითარება უზრუნველყო ევროპის კონტინენტზე ბოლო 60 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რაც როგორც პოლიტიკური, ისე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია. საქართველო-ევროკავშირის უპრეცედენტო ურთიერთობებით განპირობებული სარგებელი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, უსაფრთხოების, და რაღა თქმა უნდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროში ევროკავშირის დახმარება - ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატების, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, მტკიცე მხარდაჭერა არსებობს. მიხეილ ჯანელიძის თქმით დღეს, საქართველოს ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების შეიარაღებული ძალები, რომელიც ჩართულია დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევების - ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მინისტრის შეფასებით ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად უაღრესად მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ერთობის შენარჩუნება და შემდგომი განმტკიცება. მიხეილ ჯანელიძის თქმით სწორედ ტრანსატლანტიკური ერთობის მთავარი ფუნდამენტი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ის მთავარი ძალა, რომელიც წინ უნდა აღუდგეს 21-ე საუკუნის საფრთხეებსა და გამოწვევებს.
„ჩვენი საერთო სურვილია ვიხილოთ ევროპა თავისუფალი, მშვიდობიანი და განვითარებული სამყაროს მისაბაძი მაგალითი. სწორედ ასეთი ერთობის სრულუფლებიანი წევრობაა ჩემი ქვეყნის ისტორიული მიზანი, ხოლო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან, თანასწორი, სუვერენული, მშვიდობაზე და განვითარებაზე დამყარებული ურთიერთობები ჩვენი მომავალი თაობების წარმატების საწინდარი“ - განაცხადა მინისტრმა.