შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველებმა, რ.გ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.